გიორგი ცერცვაძის დაკავება

არ გადასცე გია ცერცვაძე რუსეთს - აქცია კანცელარიასთან

საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან საპროტესო აქცია იმართება. შეკრებილები გია ცერცვაძის საქმეზე საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებენ. 

"ქართველი ჯარისკაცი გია ცერცვაძე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანი დააკავეს უკრაინაში. რუსეთის სახელმწიფოს მოთხოვნით მას ეძებდა ინტერპოლი. საქართველოს საზღვარზე იგი გაუშვეს მესაზღვრეებმა, როცა პირველი მათ უნდა დაეკავებინათ და ეთანამშრომლათ ინტერპოლთან, თუ რატომ და რის საფუძველზე ითხოვს რუსეთი მის დაკავებასა და ექსტრადიციას. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ადვოკატს, რომ მან თავის მხრივ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დაუმტკიცოს იმ საფრთხეებისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ, რაც გია ცერცვაძეს რუსეთში ელოდება. სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს ინტერპოლს ყველა არსებული ცირკულარის გაუქმება, რაც რუსეთის მოთხოვნითაა და შეისწავლოს ყველა საქმე, რომელიც პოლიტიკური მოტივითაა ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან შეთითხნილი.", - წერია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ჯარისკაცი, გიორგი ცერცვაძე რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. ცერცვაძეს, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა. ქართველი ჯარისკაცი ამ დროისთვის უკრაინის ციხეში იმყოფება.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა.

კომენტარები