გიორგი ცერცვაძის დაკავება

ტუღუში: უმცირესობის დეპუტატები თავდებში ვუდგებით ვიცეპოლკოვნიკ ცერცვაძეს

გიორგი ტუღუში

საპარლამენტო უმცირესობა ვიცეპოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეს თავდებად უდგება, - ამის შესახებ გიორგი ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ტუღუშის თქმით, შუამდგომლობის ტექსტი უკრაინის შესაბამის ორგანოებს დღესვე გადაეგზავნებათ.

"მინდა გაგაცნოთ საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივა, შევიმუშავეთ შუამდგომლობის ტექსტი, სადაც საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები თავდებში ვუდგებით ვიცეპოლკოვნიკ ცერცვაძეს, რომელიც ამჟამად დაკავებულია უკრაინაში და მივმართავთ უკრაინის ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, რათა, პირველ რიგში, არავითარ შემთხვევში არ მოხდეს ცერცვაძის გადაცემა რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისთვის. გარდა ამისა, ვუდგებით თავდებში, რომ მოხდეს მისი გათავისუფლება პატიმრობიდან. ჩვენ ასევე გვქონდა კომუნიკავია ცერცვაძის ადვოკატთან, ვაპირებთ დახმარება გავუწიოთ ადვოკატს და თუ საჭირო იქნება, მივმართოთ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს, რათა მათაც მოითხოვონ მისი ექსტრადირების შეჩერება. რა თქმა უნდა, ჩვენს შუამდგომლობას ხელს აწერს უმცირესობის ყველა დეპუტატი და იგი, რა თქმა უნდა, დღესვე გაიგზავნება უკრაინის ხელისუფლევის შესაბამის ორგანოებს", - თქვა ტუღუშმა.

ქართველი ჯარისკაცი, გიორგი ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით დაკავებულია და კიევის ციხეში ზის. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა. ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყებას შემხებლობა არ აქვს ქართველი ჯარისკაცის, გიორგი ცერცვაძის საქმესთან, რომელიც უკრაინაში რუსეთის მოთხოვნით დააკავეს. ამის შესახებ ტაბულას უწყების პრესსამსახურმა უთხრა.

რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქ ტაბულას განუცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

კომენტარები