საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყებას შემხებლობა არ აქვს ქართველი ჯარისკაცის, გიორგი ცერცვაძის საქმესთან, რომელიც უკრაინაში რუსეთის მოთხოვნით დააკავეს. ამის შესახებ ტაბულას უწყების პრესსამსახურმა უთხრა.
რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქ ტაბულას განუცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.
შსს-ის პასუხი გუშინ, 22 იანვარს რუსთავი 2-მა გაავრცელა. წერილის მიხედვით, ინფორმაციის მიწოდება ინტერპოლის წესების შესაბამისად მოხდა.
"ინტერპოლის მონაცემთა დამუშავების წესების მე-5 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ინტერპოლის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან ერთმანეთთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიზნებისათვის გაცვალონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაციის გაცვლა ინტერპოლის 190 წევრ ქვეყანაში ძებნილ პიროვნებაზე, წარმოადგენს ვალდებულებას",- აღნიშნულია წერილში, რომელიც რუსთავი 2-მა გაავრცელა.
ქართველი ჯარისკაცი, გიორგი ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით დაკავებულია და კიევის ციხეში ზის. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა. ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა.