საგარეო ვაჭრობა

2016 წელს საქართველოს 10 უმსხილესი საექსპორტო საქონლიდან 5-ის ექსპორტი შემცირდა

independent.co.uk

საქსტატმა დღეს 2016 წლის საგარეო ვაჭრობის ამსახველი მონაცემები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს საქართველოს ათი უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან ხუთის ექსპორტი შემცირდა.

2016 წლის ექსპორტის მოცულობამ $2.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც არა მარტო 2015 წლის, არამედ 2014, 2013, 2012 და 2011 წლების ექსპორტის მაჩვენებლებზეც ნაკლებია.

2016 წელს საქართვეელოს უმსხვილესი სავაჭრო პროდუქტი სპილენძის მადნები იყო, მისმა ექსპორტმა $311 მილიონს გადააჭარბა, თუმცა ამ ექსპორტის ორ მესამედზე მეტი რეექსპორტია.

საექსპორტო ათეულიდან ყველაზე მკვეთრად - 40%-ით აზოტოვანი სასუქების ექსპორტია შემცირებული. 2016 წელს აზოტის სასუქების ექსპორტი $65 მილიონს შეადგენდა, 2015 წელს კი - $109 მილიონს. 24%-ით კი მედიკამენტების ექსპორტია შემცირებული.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული და წინა წელთან შედარებით მათი ზრდა/კლება ასე გამოიყურება:

  1. სპილენძის მადნები - $311 მილიონი, ზრდა - 15.1%
  2. თხილი და სხვა კაკალი - $178 მილიონი, ზრდა - 1.2%
  3. ფეროშენადნობები - $169 მილიონი, კლება - 13%
  4. ავტოექსპორტი - $166 მილიონი, კლება - 7.2%
  5. ღვინო - $113 მილიონი, ზრდა - 18.4%
  6. მედიკამენტები - $107 მილიონი, კლება - 24%
  7. მაღალსპირტიანი სასმელები - $91 მილიონი, ზრდა - 41%
  8. ოქრო - $81 მილიონი, ზრდა - 30%
  9. მინერალური წყლები - $79 მილიონი, კლება - 2%
  10. აზოტოვანი სასუქები - $65 მილიონი, კლება - 40%

მინერალური წყლების ექსპორტის გაუარესება რუსულ და უკრაინულ ბაზარზე არსებულ პრობლემებს უკავშირდება. ქართული მინერალური წყლების დაახლოებით 2/3 სწორედ ამ ბაზრებზე გადის ექსპორტზე. ავტოექსპორტის კლება ისევ აზერბაიჯანული ბაზრის რეგულაციებს უკავშირდება. ქართველმა ავტოდილერებმა ვერ მონახეს ალტერნატიული ბაზრები, რის გამოც მთლიანად ავტოექსპორტის ბაზრის მოცულობა შემცირდა. 

2016 წელს მთლიანი იმპორტი $9.8 მილიარდი იყო, თუმცა ეს მაჩვენებელი რეალურ იმპორტს არ წარმოადგენს, რადგანაც მასში გრანტით მიღებული C ჰეპატიტის მედიკამენტებიც შედის. ამ მედიკამენტების შესაძენად საქართველოდან უცხოური ვალუტა არ გასულა, ამიტომაც ის რეალური იმპორტის მაჩვენებელში არ შედის. ამ წამლების გარეშე კი იმპორტმა $7.2 მილიარდი შეადგინა, რაც 2015 წლის ექსპორტზე 6.5%-ით ნაკლებია.

იმპორტის $7.2-მილიარდიანი მაჩვენებელი 2014, 2013 და 2012 წლების მაჩვენებლებზე ნაკლებია.

კომენტარები