ვოლსკი: პრეზიდენტის განცხადება Gazprom-ზე დაუფიქრებელი და არაკომპეტენტურია

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი Gazprom-ის შესახებ პრეზიდენტის განცხადებას დაუფიქრებელს და არაკომპეტენტურს უწოდებს. ვოლსკის თქმით, Gazprom-თან დაკავშირებით, "სურათი აბსოლუტურად ნათელია".

"ყველა, ჩვენი გუნდი ვცდილობთ, რომ პრეზიდენტის განცხადება არ წარმოვაჩინოთ ისე, რომ ახალი დაპირისპირების წინაპირობა შევქმნათ. პრეზიდენტი თავად ამას არ ფიქრობს. მან დაუფიქრებელი განცხადება გააკეთა და, სულ მცირე, ეს არის არაკომპეტენტურობის მაჩვენებელი, მით უმეტეს, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. არ გვჭირდება პრეზიდენტის შეხსენება. ყველა მინისტრი ნამყოფია პარლამენტში, სხვადასხვა საკითხებზე ანგარიშებიც წარმოადგინეს და ენერგეტიკის მინისტრიც მზადაა, რომ ეს ანგარიში წარმოადგინოს. რეალურად, სურათი აბსოლუტურად ნათელია და, მით უმეტეს, პრეზიდენტისთვის. მას გააჩნია ამდენი რესურსი. არ იყო ძნელი, გარკვეულიყო, ზუსტად რა ხდებოდა და მოეთხოვა კომენტარები სამინისტროდან და ამის შემდეგ გაეკეთებინა. დაუფიქრებელი კომენტარები არ გამოვიდოდა ამ შემთხვევაში", - ამბობს გია ვოლსკი.

"ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი. დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესი", - თქვა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ Gazprom-თან გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ.

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, საქართველო დათანხმდა Gazprom-ის მოთხოვნას, რის შედეგადაც 2017-2018 წლებში საქართველო მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით სომხეთში რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად, წარსულში არსებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, გარკვეულ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის თქმით, ეს საფასური იმაზე ნაკლები იქნება, რასაც საქართველო ძველი კონტრაქტის პირობებში იღებდა, თუმცა კონტრაქტი საიდუმლოდ დარჩება.

Gazprom-ი საქართველოსთან მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. Gazprom Export-ის დირექტორის ელენა ბურმისტროვას თქმით, მიღწეული შეთანხმება "ორივე მხარისთვის ოპტიმალურია".

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსულ ენერგოგიგანტთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვენ. პლატფორმა "დაიცავი თავისუფლება" კი, Gazprom-ის მოთხოვნაზე ქართული მხარის თანხმობის გაპროტესტებას დღეს, 18 იანვარს, კანცელარიის წინ დაგეგმილ აქციაზე გეგმავს.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები