სტრასბურგის სასამართლო

ევროსასამართლოში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები ისევ არ დაამტკიცეს

ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან წარდგენილი კანდიდატურების განხილვა ისევ ჩავარდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, მიზეზი კვორუმის არარსებობაა. ოპოზიციის შეფასებით კი, გადადების მიზეზი, მოსამართლეთა სიის პრობლემურობა და "წულუკიანი-ბესელიას კომისიის" მუშაობასთან დაკავშირებით არსებული პრეტენზიებია.

„გადაიდო, არ იყო კვორუმი, ერთი ადამიანი აკლდა და 22 იანვრისთვის გადაიდო. კარგი კანდიდატურები არის შერჩეული, გადადებაც, როდესაც მონათლული იქნება ჩაგდებად, ესეც პოლიტიკურ სპეკულაციებს წარმოადგენს,“- განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი გიორგი ტუღუში მიიჩნევს, რომ საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი სია პრობლემურია. 

„ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ სიას მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, დაკავშირებული როგორც შერჩევის პროცედურასთან, ასევე კანდიდატების სიასთან. როდესაც პირველად მოხდა სიის განხილვის გადადება, ამას წინ უძღვოდა ის, რომ კომიტეტმა მიიჩნია, რომ სია არის აშკარად პობლემური,“- თქვა გიორგი ტუღუშმა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი კი აღნიშნავს, რომ "მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტი ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული კომიტეტია".

"როდესაც მზაობა არსებობს, ტექნიკური, პროცედურული პრობლემები არ იქმნება. ამ შემთხვევაში მთავარი გახლავთ, რომ კომიტეტის წევრებს აქვთ სრული ინფორმაცია იმ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობდა წულუკიანისა და ბესელიას კომიტეტის მუშაობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ უკვე მეორედ გადაიდო გადაწყვეტილების მიღების საკითხი,“- ამბობს თაქთაქიშვილი.

პარიზში ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები არც 2016 წლის სექტემბერში დაამტკიცეს.

სამთავრობო კომისიის მიერ საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული ხუთი კანდიდატი მთავრობის სხდომას კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა წარუდგინა. მთავრობამ წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან სამი პირველი, საუკეთესო ქულის მქონე პირი შეარჩია: იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სტრასბურგის სასამართლოს უფროსი იურისტი გიორგი ბადაშვილი და საქართველოში ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის კონსულტანტი ნანა მჭედლიძე. მოგვიანებით მჭედლიძე იუსტიციის საბჭოს წევრმა, ევა გოცირიძემ შეცვალა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროსასამართლომ ჩათვალა, რომ მჭედლიძე მისი კარიერის ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს საჭირო კრიტერიუმებს.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს - ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ეწურება. 2015 წლის დეკემბერში, მთავრობის მიერ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი პირველად გაიწერა. საჯარო კოკურსის გამოცხადების შედეგად მოსამართლეობის სურვილი მსურველმა 47-მა კანდიდატმა გამოთქვა. მათ შორის იყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.

47 კანდიდატიდან შეირჩა 13 პირი, რომლებმაც ჯერ ტესტირება გაიარა ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაში, შემდეგ კი − გასაუბრება სამთავრობო კომისიასთან. სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

კომენტარები