სავალუტო რეზერვები

სესხების ლარიზაციის გამო ეროვნული ბანკის რეზერვები $400 მილიონით შეიძლება შემცირდეს

AP Photo

იპოთეკური სესხების გალარების სოციალურ აქციას საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების $400 მილიონით შემცირება შეიძლება მოჰყვეს. პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 33 ათას მსესხებელს დოლარში გაცემული იპოთეკური სესხის ლარში გადატანა შეეძლება. ამ სესხების საერთო მოცულობა კი $400 მილიონამდეა. 

რატომ გამოიწვევს სესხების გალარების აქცია სებ-ის რეზერვების შემცირებას:

სესხების გალარების პროგრამა 2015 წლამდე გაცემულ იპოთეკურ სესხებს ეხება. სესხების ლარში კონვერტირება ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური კურსის მიხედვით მოხდება.

მაგალითად, თუ ახლა კურსი 2.73-ია, გალარებისას კურსი 2.53-ში იანგარიშება. კურსებს შორის არსებული 20-თეთრიანი სხვაობა "გალარების სუბსიდიაა", მასზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 65 მილიონის დახარჯვა იგეგმება.

სუბსიდია არ შეეხება პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 2016 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო ან 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, სესხის მომსახურე ბანკში მისი სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება აღემატება 100 000 (ასი ათას) აშშ დოლარს.

გალარება ეხება მსესხებლებს, ბანკებში კი ეს სესხები ისევ დოლარის სესხად რჩება. მსესხებელთა მიერ გადახდილი ლარის სანაცვლოდ ბანკები დოლარის რესურსს მიიღებენ, რასაც მათ ეროვნული ბანკი საკუთარი რეზერვებიდან მიაწვდის.

ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის პოზიციით, სესხების ამ პორტფელის ლარში გადატანა ამ პირებს სავალუტო რისკებს თავიდან ააცილებს. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ცვლილებას ლარზე ზეწოლის შემსუბუქებაც მოჰყვება, რადგანაც მსესხებლებს არ მოუწევთ ყოველდღიურად დოლარის შესყიდვა, რათა ის ბანკში გადაიხადონ, რაც ამ სესხების მხრიდან ლარზე ზეწოლას მოხსნის.

ამ ფულად რესურსს ბანკებს ეროვნული ბანკი მიაწვდის, რაც მის რეზერვებს დაახლოებით $400 მილიონით შეამცირებს. შემცირების კონკრეტული რიცხვი დღეისთვის უცნობია, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი მსესხებელი გადაწყვეტს ამ აქციაში მონაწილეობის მიღებას და რა იქნება ამ სესხების მოცულობა.

ეროვნული ბანკის რეზერვები შემცირებულია

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის 31 დეკემბრისთვის საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა $2.56 მილიარდია, რაც რეზერვების მოცულობის პიკურ პერიოდს - 2013 წლის ოქტომბერს 12.6%-ით ჩამოუვარდება, მაშინ სავალუტო რეზერვები დაახლოებით $2.9 მილიარდს შეადგენდა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კლასიფიკაციით, ქვეყნების სავალუტო რეზერვები მათი სამი თვის იმპორტის მაჩვენებლებზე ნაკლები არ უნდა იყოს, რაც საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით $2.7 მილიარდია (ნოემბერი, ოქტომბერი, სექტემბერი)

კომენტარები