შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: გირო კრედიტის დამფუძნებელი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრო გირო კრედიტის დამფუძნებლის გიორგი გუგუმბერიძის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ "ბიზნესმენი სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა". ცნობისთვის, გირო კრედიტის დამფუძნებელმა გიორგი გუგუმბერიძემ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. ის სამართალდამცველებს ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით კი, პოლიციას ინდოეთის მოქალაქის - გ.მ.-ს დაყაჩაღების ფაქტზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტის ვიდეოკამერების ჩანაწერები სჭირდებოდა. შსს-ს განცხადებით, დაზარალებულის ცნობით, თავდამსხმელი მას სწორედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან გამოჰყვა.

"პოლიცია ტელეფონით დაუკავშირდა შპს-ს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტის“ დირექტორს - გიორგი გუგუმბერიძეს და კანონის შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების გადმოცემა სთხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა.

ამის შემდეგ სამართალდამცველებმა ვითარების უკეთ ასახსნელად გუგუმბერიძეს საცხოვრებელ ბინაში მიაკითხეს. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გუგუმბერიძე პოლიციელებს სადარბაზოში შეხვდა. იგი სამართალდამცველებს ცინიკურად ესაუბრებოდა და ჩანაწერების გადაცემაზე უარს აცხადებდა. პოლიციელებმა მას წარუდგინეს პროკურორის დადგენილება - „გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე კომპიუტერულ სისტემაში არსებული ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ“ და აუხსნეს, რომ მათი მოთხოვნა სრულიად კანონიერი იყო. ასევე, განუმარტეს, რომ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, შეეძლო, გაესაჩივრებინა იგი ზემდგომ პროკურორთან ან ედავა სასამართლოში.

მიუხედავად ამისა, გუგუმბერიძე არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას და არ მისცა მათ საშუალება, განეხორციელებინათ საგამოძიებო მოქმედებები. გუგუმბერიძის და მისი ოჯახის წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციის თანამშრომელთა მიმართ აგრესიას და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მიუხედავად სამართალდამცველთა მხრიდან არაერთგზის მოწოდებისა, რომ მათ შეეწყვიტათ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედება, ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას", - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა გიორგი გუგუმბერიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

"დაკავებული პოლიციის განყოფილებაში სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმდა, რა დროსაც ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა. შესაბამისი პროცედურების შემდეგ, გიორგი გუგუმბერიძე თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მეორე დღეს იგი გადაყვანილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება", - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მათ ჩანაწერები გუგუმბერიძის ოჯახის წევრმა გადასცა.

"მოხდა სავარაუდო დამნაშავის ვიზუალური იდენტიფიცირება. ამ დროისთვის აღნიშნული პირის დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ დანაშაულის პრევენციისთვის, ასევე, საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად განხორციელების მიზნით, აუცილებელია მტკიცებულებების დროულად შეგროვება და რეაგირება. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ნუ შეუშლიან ხელს პოლიციას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში", - აცხადებს შსს.

კომენტარები