2016 წლის მანძილზე საქართველოში 6.35 მილიონზე მეტი უცხოეთის მოქალაქე იმყოფებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.6%-ით მეტია. ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით, მოწინავე ადგილებს რეგიონის ქვეყნები იკავებენ. წელს განსაკუთრებით მაღალი ტემპით, 485%-ით გაიზარდა ირანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რაც საქართველოს მიერ სავიზო რეგულაციების გაუქმებას უკავშირდება. ასევე მაღალი ტემპით - 55% იზრდება ისრაელიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა. ეროვნული ბანკის გათვლებით, წლის პირველ სამ კვარტალში, ტურისტებმა საქართველოში $1.68 მილიარდი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით მეტია.
15 ქვეყანა, რომლიდანაც 2016 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით:
- აზერბაიჯანი - 1.52 მილიონი, ზრდა 9.3%
- სომხეთი - 1.49 მილიონი, ზრდა 1.9%
- თურქეთი - 1.25 მილიონი, კლება 9.9%
- რუსეთი - 1.03 მილიონი, ზრდა 12%
- უკრაინა - 172 ათასი, ზრდა 21%
- ირანი - 147 ათასი, ზრდა 485%
- ისრაელი - 92 ათასი, ზრდა 55%
- ყაზახეთი - 48 ათასი, ზრდა 32%
- პოლონეთი - 44 ათასი, ზრდა 7.2%
- გერმანია - 40 ათასი, ზრდა 11%
- ბელარუსი - 37 ათასი, ზრდა 28%
- ინდოეთი - 36 ათასი, ზრდა 198%
- აშშ - 34 ათასი, ზრდა 9.9%
- საუდის არაბეთი - 21 ათასი, 115%
- საბერძნეთი - 20 ათასი, 5.2%
ტურიზმის სტატისტიკა
ამ 6.3 მილიონი ვიზიტორიდან საქართველოში 24 საათზე მეტ ხანს 2.7 მილიონი უცხოეთის მოქალაქე დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალნონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.
ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში
2016 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ტურისტული სექტორზე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7.2% მოდიოდა, მისი მეშვეობით კი ქვეყანაში დამატებით $1.68 მილიარდი შემოვიდა. 2016 წლის ცხრა თვის მონაცემებით, მხოლოდ უნაღდო (უცხოური საკრედიტო ბარათებით) განხორციელებულმა გადახდებმა 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით მეტია.
წინა წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის ტემპი გაზრდილია, თუმცა ის მაინც ჩამორჩება 2007-2013 წლების მაჩვენებლებს
2007-დან 2013 წლის ჩათვლით საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა საშუალოდ 30%-ს შეადგენდა, აქედან ყველაზე მაღალი - 56%-იანი ზრდა 2012 წელს იყო. 2013 წელს ზრდამ 21% შეადგინა, 2014 წელს კი სავიზო რეგულაციების დაწესების გამო ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან მხოლოდ 2.3% შეადგინა. ზრდის ტემპი მცირედით გაუმჯობესდა 2015 წელს და ის 7% გახდა, 2016 წელს კი ზრდა 7.6%-ია.





