ყალბი დოკუმენტები

ყალბი დიპლომის დამზადებისთვის ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყალბი დიპლომის დამზადება-გასაღების ფაქტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სულიკო კ. და ამავე უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელი სევერიან კ. დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა სულიკო კ-მ და დაცვის თანამშრომელმა სევერიან კ-მ დაამზადეს და საქართველოს მოქალაქეზე გაასაღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრის ყალბი დიპლომი. მათ სანაცვლოდ მოქალაქეს მოსთხოვეს 2000 აშშ დოლარი, 500 აშშ დოლარი წინასწარ გამოართვეს, ხოლო დარჩენილი 1500 აშშ დოლარი გამოართვეს ყალბი დიპლომის გადაცემის დროს, რა დროსაც ისინი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე).

კომენტარები