აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობა: დღის ბოლომდე აბონენტთა უმრავლესობას გაზის მიწოდება აღუდგება

pennystockresearch

აჭარის მთავრობა ბათუმსა და ხელვაჩაურში გაზმომარაგების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ტექნიკური პრობლემა უკვე მოგვარებულია და ბათუმსა და ხელვაჩაურს ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება. 

„16 დეკემბერს, ღამის საათებში, ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიული მდგომარეობა შეიქმნა, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდა ბათუმისა და ხელვაჩაურის 50 ათასამდე აბონენტს. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის ოფისის ინფორმაციით, ტექნიკურმა ჯგუფებმა მთელი ღამის განმავლობაში იმუშავეს და დაზიანებული მილსადენი სრულად აღადგინეს. ამჟამინდელი ინფორმაციით, გაზის მიწოდების აღდგენის პროცესს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ეტაპობრივად განახორციელებს. დღის ბოლომდე აბონენტთა უმრავლესობას გაზის მიწოდება აღუდგება. სრული აღდგენა ხვალ, დღის პირველ ნახევარში დასრულდება“, - აცხადებს აჭარის მთავრობა და აღნიშნავს, რომ გაზის გათიშვამ საჯარო სკოლებსა და ბაღებში შეფერხებები გამოიწვია. 

„ბათუმში მხოლოდ 3 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. ბათუმში 24 საჯარო სკოლაში, ხოლო ხელვაჩაურში 7 საჯარო სკოლაშია დროებით შეწყვეტილი სწავლა. სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა იმ სკოლებში, სადაც გათბობა ბუნებრივ აირზე არ არის დამოკიდებული. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, მათ გააჩნიათ გათბობის ალტერნატიული წყარო, თუმცა ბავშვების გამოუცხადებლობის გამო რამდენიმე ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეწყვეტილია. თხოვნით მივმართავთ და მოვუწოდებთ ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში. 

კომენტარები