ჩრდილოეთ კორეა

როგორ მუშაობს ინტერნეტი ჩრდილოეთ კორეაში

EPA

მსოფლიოს სწრაფი ინტერნეტიზაციის მიუხედავად, 25 მილიონამდე ჩრდილოეთკორეელი ინტერნეტს ჯერ კიდევ ვერ იყენებს და, სავარაუდოდ, არც იცის მისი მნიშვნელობა.

ჩრდილოეთკორეელები ინფორმაციას იღებენ სახელმწიფო მედიისგან, რომელიც "დიდი ლიდერის", კიმ ჩენ ინის საქმიანობას, ცხადია, დადებით კონტექსტში აშუქებს. ქვეყანაში არ არის სატელიტური ტელევიზია ან უცხოური გაზეთები. რადიომიმღებებში მხოლოდ ლოკალურ სიხშირეებს იჭერენ. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები სამხრეთ კორეის რადიოარხების მიღებას შეეცდებიან, მათ პატიმრობა ემუქრებათ.

2001 წელს სახელმწიფო კომპანია Sili Bank-მა ფხენიანსა და ჩინეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ შენიანს შორის მხოლოდ იმეილ-მიმოწერის სერვისი შექმნა. მეილის გაგზავნა მხოლოდ საათში ერთხელ შეიძლებოდა და თითო $1.50 ღირდა. 

ჩრდილოეთ კორეაში ინტერნეტი ხელმისაწვდომი 2010 წელს გახდა მხოლოდ უცხოური ორგანიზაციებისა და ზოგიერთი მაღალჩინოსნისთვის.

2013 წლიდან მობილური ინტერნეტი ხელმისაწვდომია რეზიდენტი უცხოელებისა და ტურისტებისთვის. ისინი Koryolink-ს იყენებენ, რომელსაც 2 მილიონი გამომწერი ჰყავს, თუმცა, ამ ინტერნეტით სარგებლობა ჩრდილოეთკორეელებს არ შეუძლიათ. 50 მეგაბაიტი €10 ღირს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 გეგაბაიტ მომსახურებას T-Mobile $10-ად ყიდის.

2016 წლის დასაწყისში Koryolink-ზე ჩრდილოეთ კორეამ შეზღუდა ფეისბუქზე, იუთუბზე, ტვიტერსა და სამხრეთკორეულ საიტებზე წვდომა.

ბოლო წლებში ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდა ელიტარულ, Kim Il Sung-ის (ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური სახელმწიფოს დამფუძნებელი) სახელობის უნივერსიტეტში. 2013 წელს უნივერსიტეტს Google-ის წარმომადგენელი სტუმრობდა, რომელიც სტუდენტებს საძიებო სისტემის მოხმარებას ასწავლიდა. მოგვიანებით, ის ბლოგზე წერდა, რომ სტუდენტებმა ინტერნეტის მოხმარება არ იციან და მხოლოდ მონიტორს უყურებდნენ. "როდესაც ჩვენი ჯგუფი შენობაში დადიოდა, სტუდენტები მერხებთან ისხდნენ, არც თავს ატრიალებდნენ და არც გიყურებდნენ, რეაქცია არ ჰქონდათ. სტატუეტებს ჰგავდნენ".

ჩრდილოეთ კორეაში კიდევ ერთი ქსელი Kwangmyong-ია, რომელიც უნივერსიტეტებს, ბიბლიოთეკებსა და სახელმწიფო დეპარტამენტებს აკავშირებს. ის რამდენიმე, ქვეყნის შიდა საიტს სთავაზობს მომხმარებელს, როგორიცაა ონლაინ სასწავლო სისტემა, კორეული კერძების რეცეპტები და იმეილი. ცხადია, საიტები უხარისხოდაა გაკეთებული.

ჩრდილოეთ კორეაში ინტერნეტის შეზღუდვის მიზეზი, სავარაუდოდ, რისკია, რაც რეჟიმს საფრთხეს შეუქმნის.

კომენტარები