აშშ-რუსეთი

CIA-ს შეფასებით, რუსეთი ცდილობდა, ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდა

BBC


აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) შეფასებით, რუსეთი აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, რათა დონალდ ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდა.

CIA-ს ამ დასკვნის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურმა პირებმა წამყვან გამოცემებს, მათ შორის the Washington Post-სა და the New York Times-ს მიაწოდეს.

The Washington Post-ის ცნობით, სადაზვერვო სამსახურებმა რუსეთის მთავრობასთან კავშირში მყოფი პირები გამოავლინეს, რომელთაც WikiLeaks-ს აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ათასობის დაჰაკული ელექტრონული წერილი მიაწოდეს. გამოცემის წყაროების ცნობით, ეს პირები უფრო ფართო რუსული ოპერაციის მონაწილეები არიან. ოპერაციის მიზანი კი წინასაარჩევნოდ ტრამპის გაპრეზიდენტების ხელშეწყობა და კლინტონის დაზიანება იყო.

თავად ტრამპი მთელი გასული პერიოდის მანძილზე არ იზიარებდა დაზვერვის მოსაზრებებს კიბერშეტევების რუსულ წარმომავლობაზე. „არ მგონია, რომ რუსეთი ჩაერია. შეიძლება რუსეთი ყოფილიყო. შეიძლება ჩინეთი. შესაძლოა, ვინმე ნიუ ჯერსიდან, საკუთარი სახლიდან" - უთხრა ტრამპმა Time-ს გასულ კვირას.

CIA-ს მიგნებებს არ იზიარებს არც ტრამპის გარდამავალი გუნდი:

„ეს იგივე ხალხია, ვინც თქვა, რომ სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა. არჩევნები დიდი ხნის წინ დამთავრდა. დროა, წინ წავიდეთ და ამერიკას დიდება დავუბრუნოთ", - წერია განცხადებაში, რომელიც არჩეული პრეზიდენტის გუნდმა პარასკევს საღამოს გამოაქვეყნა.

The New York Times-ის წყაროს ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში რუსებმა დემოკრატების ეროვნული კომიტეტის გარდა, რესპუბლიკელების კომპიუტერული სისტემებიც დაჰაკეს, მაგრამ მოპოვებული ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. სადაზვერვო სამსახურების დასკვნით, რუსებმა WikiLeak-ს მხოლოდ დემოკრატების დოკუმენტები მისცეს. არჩევნების წინა თვეებში მასობრივად სწორედ დემოკრატების დოკუმენტებმა გაჟონა. თუმცა, მთელი ამ ხნის მანძილზე, რესპუბლიკელები მომხდარს განსხვავებულად ხსნიდნენ და ამბობდნენ, რომ კიბერშეტევის მსხვერპლი პარტიის ინდივიდუალური წევრები ხდებოდნენ და არა მთლიანად ქსელი.

საარჩევნო პერიოდში აშშ-ს ოფიციალური პირები დემოკრატებზე კიბერშეტევებში რუსეთს ადანაშაულებდნენ. კრემლი ამ ბრალდებებს უარყოფდა.

 

კომენტარები