ლარი დღევანდელ სავალუტო აუქციონზე დოლართან მიმართებით 2.7 თეთრით გამყარდა, ახალი კურსით ერთი დოლარი 2.5599 ლარი ღირს. ლარი ევროსთან მიმართებითაც გამყარდა, გამყარებამ 2.4 თეთრი შეადგინა, ახალი კურსით ერთი ევრო 2.725 ლარი ღირს.
დღესვე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ გუშინდელი რეკორდული გაუფასურება ბაზარზე არსებულმა აჟიოტაჟმა გამოიწვია.
"სავალუტო ბაზარზე გარკვეულწილად აჟიოტაჟი იყო შექმნილი გარკვეულწილად მოლოდინებიდან. მოლოდინებში ძალიან ბევრი ფაქტორი მონაწილეობს და რთულია მათი გამოცალკევება. მოგეხსენებათ, რომ დოლარის კურსი ისტორიულად გაიზარდა, ამავე დროს, მოხდა გაუფასურება ჩვენი მეზობელი ქვეყნებისა. ამ ყველაფერმა ერთად ითამაშა თავისი როლი. ბაზრებს, სამწუხაროდ, ახასიათებს ასეთი მოვლენა, რასაც ჰქვია Overshooting, ანუ იმ დონეზე მაღლა ასვლა მოკლე პერიოდში, რასაც ფუნდამენტალური ფაქტორები განაპირობებენ. როგორც წესი, ამას მოჰყვება ხოლმე ისევ ძველ დონეზე ჩამოსვლა", - თქვა გვენეტაძემ.





