ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის რეკორდულ გაუფასურებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. გვენეტაძე ხსნის, რომ გუშინ სავალუტო ბაზარზე შექმნილი აჟიოტაჟი გარკვეულწილად მოლოდინებმა გამოიწვია.
"გუშინ სავალუტო ბაზარზე გარკვეულწილად აჟიოტაჟი იყო შექმნილი გარკვეულწილად მოლოდინებიდან. მოლოდინებში ძალიან ბევრი ფაქტორი მონაწილეობს და რთულია მათი გამოცალკევება. მოგეხსენებათ, რომ დოლარის კურსი ისტორიულად გაიზარდა, ამავე დროს, მოხდა გაუფასურება ჩვენი მეზობელი ქვეყნებისა. ამ ყველაფერმა ერთად ითამაშა თავისი როლი. ბაზრებს, სამწუხაროდ, ახასიათებს ასეთი მოვლენა, რასაც ჰქვია Overshooting, ანუ იმ დონეზე მაღლა ასვლა მოკლე პერიოდში, რასაც ფუნდამენტალური ფაქტორები განაპირობებენ. როგორც წესი, ამას მოჰყვება ხოლმე ისევ ძველ დონეზე ჩამოსვლა", - თქვა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის ამ წუთის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 2.5871 ლარია. ეროვნული ვალუტა გაუფასურებულია ევროსთან მიმართებითაც და 2.75 ღირს. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.63-ს აღწევს.





