ბლოგი

ჰეტეროფაშიზმის წინააღმდეგ

ეს წერილი ეძღვნება შეჩვენებულ სუსტებს, ქუჩაში ნაგვემთ, სახლში გამომწვართ, გადარჩენისთვის მებრძოლთ, ოჯახებიდან გამოძევებულთ, ღირსებააყრილთ, პირუტყვებად შერაცხილთ, ლუკმა-პურის ძიებაში დაოსილთ, ავაზაკთა სამართლის ქვეშ რომ ცხოვრობენ და ამა ქვეყნის ძლიერთაგან მიტოვებულენი მკლავს ახვედრებენ თავში დაშენილ მუშტებს.

დღევანდელ კუდიანებს, მრავალგზის განსჯილთ და არც ერთხელ მიტევებულთ - ხვალინდელ გმირებს, სიყვარულის ღმერთით რომ ემუქრებიან და სიძულვილით კლავენ.

უდანაშაულოებს, რომლებიც სიბრიყვემ გაასამართლა და ისტორია გაამართლებს. შვილებს, რომლებიც თევზს ითხოვენ და გველს აწვდიან. 

ტრანსგენდერ ქალებს, სწავლას, სამსახურს, სიყვარულსა და თანაგრძნობას მოკლებულთ.

ჩაგრულებისგან ჩაგრულ ქალებს, რომელთა ზიზღს ვერც მათ სძლიეს, ვინც თავად არის შეზიზღებული.

მოკლულთ, რომელთა მკვლელები არ დაუსჯიათ.

გაწამებულ ქალებს, მორიგი თავდასხმის შემდეგ, იობის მსგავსად ცას რომ შეჰღაღადებენ: „დაიქცეს ის დღე, როცა მე გავჩნდი, და ღამე, როცა ითქვა, კაცი ჩაისახაო!” - რადგან, მართლაც რომ ოხვრა აქვთ საზრდოდ და წყალივით იღვრება მათი ქვითინი.

ეს წერილი მათზეა, ვინც საკუთარი იდენტობის გამო ტაქსიდან გადმოაგდეს და წიხლით შესდგნენ. საშოვარზე გამოსულებს რომ ქუჩაში მინის ბოთლები დაუშინეს, ლურსმნიანი ჯოხით სცემეს.

ზამთრის ცივ ღამეს სახლიდან ძაღლივით გაგდებულებზე, მათზე, ვინც თავისიანებთან მივიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს. მშობელთაგან უარყოფილ დებსა და ძმებზე. მათზე, ვინც დანებების ზღვარს მიადგა. მათზე, ვინც ხელის ჩაქნევას აპირებს...

უნდა გავუძლოთ.

დიახ, ხელისუფლება სასტიკია. ეკლესია ურჯულო. საზოგადოება ულმობელი. მეგობრები სუსტები. მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ჰომოსექსუალ, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებს კი არსად აქვთ თავშესაფარი.  

სასოწარმკვეთი გარემო აწმყოსთან შეჭიდების ყოველგვარ სურვილს გვართმევს. გაიქეცი და დაიმალე, - გვკარნახობს თვითგადარჩენის ინსტინქტი - შეეგუე და ჩათბი ამ კოლექტიურ ნახვში, ასე უფრო იოლია, ასე ნაკლები მოგხვდება, ასე ნაკლები გეტკინება. თავს ვერ მოვიტყუებთ, ბოროტება მართლაც ზეობს. ბრძოლა წავაგეთ. არაფერი მომხდარა კარგი.

სულ ეს არის, რასაც კუდიანების მომავალ თაობას დავუტოვებთ. მაგრამ ყველაფერი არ დაგვიკარგავს. ომი წინ არის. ამ ბნელი ღამეს, კიდევ უფრო რომ ჩამობნელდეს, ვერც ერთი ქურდი ჩვენი იმედისა და მხნეობის მთვარეს ვერ მოიპარავს, მართლები ვართ და იმიტომ.

თუ საკუთარ შიშზე გავიმარჯვებთ, თუ სიმწრით გავიტანთ თავს და ერთმანეთს, მრავალი ჩვენგანი მოესწრება დროს, როცა ჰეტეროფაშისტური ტირანიის უბედურებით ნაშენები გუმბათი ხმაურით მოწყდება, საძირკვლამდე ჩამოიქცევა და ქვეშ მოიყოლებს მის მაშენებლებს. ჯერაც გვექნება მხიარულების შნო, მის ნანგრევებზე რომ ამაყი ჰორუმი ვიცეკვოთ, დავხნათ მისი ფესვები და ახალი ჩავყაროთ. 

მოგვეცემა პრივილეგია, საკუთარ შვილებსა და მომავალ თაობებს მოვუყვეთ: ვხედავდი სატანას, ციდან ელვასავით გარდამოვრდომილს. ვეტყვით: ვხედავდი, როგორ გადმოცვივდნენ საყდრებიდან ძლიერნი და ამაღლდნენ ჩაგრულები.

იმედმა უნდა გაგვაძლებინოს.

მწუხარებას სიხარული შეცვლის, დამცირებას გამარჯვება, თავისუფლების მტრებს კი ისტორია წალეკავს. ფაშისტებს, საქართველოს რომ მართავენ და მათ ფოთლებს, სირცხვილი და თავს ლაფი ელით. ყველგან, სადაც შევძლებთ, ზიანს მივაყენებთ. ძირს გამოვუთხრით. არ დავიზარებთ არც სიტყვასა და არც საქმეს.

გავურიგდებით ყველას, მემარცხენეს თუ მემარჯვენეს, მოვუფრთხილდებით თითოეულს, ვინც მზად იქნება ხმა აღიმაღლოს, ყველას, ვინც მიხვდება და თანაგვიგრძნობს, ყველასთან ყველა ვიქნებით, რათა უმრავლესი შევიძინოთ - იდეველებთან იუდეველები ვიქნებით,  წარმართებთან წარმართები, მაგრამ მაინც მოვიკრებთ საკმარის ძალას, თავისუფლების მტრების დასამხობად.

ყველაფერი ცუდად არის, მაგრამ არაფერია დაკარგული.

ძირს ჰეტეროფაშისტური ტირანია

კომენტარები