კრიმინალი

ნაპოვნ ცხედარზე გამოძიება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მუხლით გადაკვალიფიცირდა

metro.us

საბურთალოზე მომხდარი მკვლელობის საქმე გადაკვალიფიცირდა. გამოძიება თავდაპირველად განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, ახლა კი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

როგორც ტაბულას შსს-ში განუმარტეს, "ძიების მსვლელობისას, პროკურატურის ზედამხედველობით, საქმე გადაკვალიფიცირდა და ამ ეტაპზე, გამოძიება მიმდინარეობს 117-ე მუხლით". ცნობისთვის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

ოქტომბერში მომხდარი მკვლელობისთვის დღეს ორი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ოქტომბრის ბოლოს, "ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი რამდენიმე საათის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა". გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა ცხედარი თავისი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე სათავსოში დამალა. 

საბურთალოზე, ზ. ბოლქვაძის ქუჩაზე ცხედარი გუშინ იპოვეს. როგორც მეზობლები ყვებიან, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში სპეციფიკურ სუნს გრძნობდნენ, შემდეგ კი სამართალდამცველებს მიმართეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი დანაწევრებული იყო.

საქმეზე კიდევ ერთი პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, ორივე მათგანი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს.

კომენტარები