საბურთალოზე, ბოლქვაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცველებმა 1987 წელს დაბადებული ო.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1963 წელს დაბადებული დ.წ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1976 წელს დაბადებულ გ.მ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი რამდენიმე საათის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ო.ა.-მ ცხედარი თავისი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე სათავსოში დამალა. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებს შსს.
გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 376-ე მუხლით).
საბურთალოზე, ზ. ბოლქვაძის ქუჩაზე ცხედარი გუშინ იპოვეს. როგორც მეზობლები ყვებიან, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში სპეციფიკურ სუნს გრძნობდნენ, შემდეგ კი სამართალდამცველებს მიმართეს. პოლიცია ადგილზე გუშინ ღამით მივიდა. სამართალდამცველებმა დაკითხეს იმ სათავსოს პატრონი, სადაც ცხედარი ნახეს. მისი თქმით, ოთახი არ იკეტება და შესაძლოა, სხვა ადგილიდანაც მიიტანეს გვამი. არსებული ინფორმაციით, ცხედარი დანაწევრებული იყო.





