რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: კოლეგიას მიღებული გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად შეაცვლევინეს

რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, უზენაესი სასამართლოს კოლეგიას პრაქტიკულად უკვე ჰქონდა რუსთავი 2-ის საქმის ქვედა ინსტანციაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა მათზე არსებული ზეწოლის გამო კოლეგიამ გადაწყვეტილება შეცვალა და საქმე განსახილველად სასამართლოს დიდ პალატას გადასცა. ნიკა გვარამია უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის რამდენიმე წევრი მოსამართლის აცილების საკითხსაც აყენებს, რადგანაც გვარამიას თქმით, ზოგიერთ მოსამართლესთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს.

"გუშინ საკმაოდ გვიანობამდე, რაც როგორც წესი არ ხდება, კოლეგია თათბირობდა ჩვენს საქმეზე. ჩვენთვის ცნობილია პერიპეტიები ამ თათბირის, მათზე იყო უმძიმესი ზეწოლა. მათ პრაქტიკულად ჰქონდათ მიღებული გადაწყვეტილება ამ საქმის ქვედა ინსტანციაში დაბრუნების შესახებ, თუმცა სასამართლოს შიგნით არსებული ძალების ზეწოლის შედეგად ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. ჩვენ დიდი პალატის შემადგენლობაში არსებული რამდენიმე მოსამართლის აცილების საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ, რადგანაც დიდი პალატის შემადგენლობაში არსებული 12 ადამიანიდან რამდენიმე ადამიანთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები",- გადაცემა არჩევანის ეთერში ამბობს ნიკა გვარამია.

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს განიხილავს.

დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, სხვა პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან.

დიდი პალატა საქმეს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით. მასში შედიან ამ საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლეებიც (ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი და პაატა ქათამაძე), მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი იმავდროულად დიდი პალატის წევრები.

დიდ პალატაში საქმის განხილვას თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე.

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის.

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საჩივრის განხილვა 21 ნოემბერს დაიწყო. ტელეკომპანიის იურისტების შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლო საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავდა.

რუსთავი 2 ასაჩივრებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამას" მიეკუთვნა.

კომენტარები