მეცხრე მოწვევის პარლამენტი ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დეპუტატებს სიტყვით მიმართა.
„არჩევნები შედგა. შედგა მეტ-ნაკლები დარღვევებით, მაგრამ თავისუფალ გარემოში. შედეგად საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული 150 დეპუტატი, რომელიც განახორციელებს მომავალი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ მრავალპარტიული პარლამენტი "თვისობრივი ნახტომი იქნებოდა" ქართული პოლიტიკური რეალობისთვის.
„მჯერა, რომ ასეთი კონფიგურაცია დემოკრატიის გაძლიერებას უფრო მეტად შეუწყობდა ხელს, რადგან მეტი პარტია პარლამენტში, მეტ კონკურენციას, მეტ დისკუსიას ნიშნავს. პარლამენტს გარეთ არაერთი პოლიტიკური პარტია დარჩა, რომელთა ნაწილშიც, სამწუხაროდ, დეზორიენტაციის, კასკადური გადადგომებისა და ჩამოშლის პროცესები დაიწყო. რამაც საზოგადოებაში პოლიტიკის, პოლიტიკოსების მიმართ ერთგვარი ნიჰილისტური და სკეპტიკური განწყობები გააჩინა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში სამი პარტია შევიდა. ქართულ ოცნებას 115 დეპუტატი ჰყავს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 27, ხოლო საქართველოს პატრიოტთა ალიანსს - 6. ამასთან, პარლამენტს ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი ეყოლება - მთაწმინდის მაჟორიტარის სალომე ზურაბიშვილის სახით. ხოლო მრეწველთა კვოტით - საკანონმდებლო ორგანოში ხაშურის მაჟორიტარი სიმონ ნოზაძე შევიდა.





