2008 წლის აგვისტოს ომი

იუსტიციის სამინისტრო: რუსეთის გადაწყვეტილებით ჩანს, ვის არ სურს ომის გამოძიება

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება, რომ არ იყოს რომის სტატუტის წევრი, გავლენას ვერ მოახდენს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებაზე.

"როგორც ცნობილია, რუსეთმა ხელი მოაწერა სტატუტს 2000 წელს, მაგრამ არ გაუკეთებია რატიფიკაცია. შესაბამისად, ამ მომენტამდე რუსეთის ფედერაცია ისეც არ იყო სტატუტის მხარე. ეს ამ საქმის გამოძიების დამაბრკოლებელი ფაქტორი არც იყო და ვერც გახდება, ვინაიდან საქართველო არის რომის სტატუტის მხარე და შესაბამისად, საერთაშორისო სისხლის სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება 2008 წლის ომის დროს საქართველოში სავარაუდოდ მომხდარ სტატუტით გათვალისწინებულ დანაშაულებზე. ამას ადასტურებს ისიც, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინასასამართლო პალატის 2016 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება მოიცავს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხსაც. ამდენად, რუსეთის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება არანაირი სამართლებრივი შედეგის მომტანი არ არის და იგი გავლენას ვერ იქონიებს მიმდინარე გამოძიებაზე, ერთადერთი, კიდევ ერთხელ აჩვენებს, ვის არ სურს სიმართლის დადგენა 2008 წლის ომის საქმეზე", - წერია განცხადებაში.

რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის წევრი აღარ იქნება. ვლადიმირ პუტინმა უკვე გაუგზავნა ხელმოწერილი დირექტივა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლის თანახმად უწყებამ გადაწყვეტილების შესახებ გაეროს გენერალურ მდივანს უნდა აცნობოს.

კომენტარები