რუსთავი 2-ის საქმე

უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საჩივარს 21 ნოემბერს განიხილავს

უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საჩივარს 21 ნოემბერს განიხილავს. ტელეკომპანიის იურისტების შუამდგომლობას მიუხედავად, საქმის განხილვას მხარები არ დაესწრებიან. საკასაციო სასამართლო საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

"იქიდან გამომდინარე, რომ უზენაესმა სასამართლომ დადგენილად ცნო ქვედა ინსტანციებში საპროცესო დარღვევების არსებობის ფაქტები რ2-ის საქმესთან დაკავშირებით, წესით, უზენაესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციაში უნდა დააბრუნოს საქმე განსახილველად. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება იყოს მიღებული იქიდან გამომდინარე, რომ რუსთავი 2-ს საქმე თავიდანვე არ იყო სამართლებრივი დავა კერძო პირებს შორის, ეს იყო პოლიტიკური საქმე. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად პრინციპულები და მიუკერძოებლები აღმოჩნდებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები", - ამბობს რ2-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალიაც არ გამორიცხავს, რომ უზენაესმა სასამართლომ საქმე განსახილველად სააპელაციოში დააბრუნოს.

"სარჩელის დასაშვებობის საკითხი უზენაესმა სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა. მოლოდინი და იმედი გვაქვს, რომ საქმე ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება. მაგრამ, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ისევ დააბრუნოს სააპელაციო სასამართლოში უზენაესმა სასამართლომ", - ამბობს რ2-თან საუბარში სალია.

საქმეს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი და პაატა ქათამაძე განიხილავენ. რუსთავი 2 ასაჩივრებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამას" მიეკუთვნა.

 

კომენტარები