ლარის გაუფასურება

ერთი დოლარის ღირებულება 2.4956 ლარი გახდა, რეკორდულ გაუფასურებამდე 0.24 თეთრი რჩება

wikimedia.org

ლარი დღევანდელ სავალუტო აუქციონზე დოლართან მიმართებით 0.66 თეთრით გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი დოლარის ღირებულება 2.4956 ლარია, ეს ლარის გაუფასურების ისტორიულ მინიმუმზე 0.24 თეთრით ნაკლებია. ლარი დღესვე ევროსთანაც გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი ევრო 2.6933 ლარი ღირს, რაც წინა კურსთან შედარებით 1.3 თეთრით მეტია.

დღესვე საქართველოს მთავრობამ ლარის მერყეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის ეფექტის შერბილების მიზნით, უახლოეს მომავალში დაწესდება გარკვეული საბაზრო რეგულაციები, რომლებიც "დედოლარიზაციას" ანუ სესხებსა და დეპოზიტებში უცხოური ვალუტის წილის შემცირებას ისახავს მიზნად. მთავრობის განმარტებით, ამ ღონისძიებებს ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიური ეფექტი არ უნდა ჰქონდეს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მომავალი წლისთვის მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას გეგმავს. 

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ტიპის რეგულაციაზეა საუბარი, თუმცა სავარაუდოდ ეს სესხების პორტფელში დოლარის წილის შემცირება შეიძლება იყოს, რასაც მრავალი თანმდევი ეფექტი, მათ შორის, ახალი სესხების აღების გართულება, ახალი სესხების რაოდენობის ზრდის შემცირება და მიკროსაკრედიტო დაწესებულებებში (ძვირიანი) სესხების რაოდენობის ზრდა შეიძლება მოჰყვეს. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, კურსის გამყარებისთვის დაწესებული რეგულაციები ეკონომიკურ ზრდასაც შეამცირებს. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირველი ოქტომბრისთვის ბანკების საკრედიტო პორტფელი 16.5 მილიარდი ლარია, აქედან სესხების მხოლოდ 36.5%-ია ლარში ნომინირებული.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე მყარი 10 ივნისს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.127 ლარი ღირდა, ლარის გაუფასურების ისტორიული პიკი კი 28 იანვარს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.498 ლარი ღირდა.

კომენტარები