აშშ-ის საგარეო პოლიტიკა

ვინ არიან აშშ-ს სახელმწიფო მდივნობის კანდიდატები

როგორი საგარეო პოლიტიკა ექნება ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ჯერ არავინ იცის. ზოგი მისგან მსოფლიო წესრიგის სრულად მორღვევას, NATO-ს დაშლას და ავტორიტარულ რეჟიმებთან დამეგობრებას მოელის. ზოგი კი ფიქრობს, რომ ის ბარაკ ობამას პოლიტიკას გააგრძელებს და უფრო იზოლაციონისტი გახდება. სინამდვილე კი როგორც Washington Post-ის რედაქტორი ჯექსონ დილი წერს არავინ იცის, მათ შორის არც თავად არჩეულმა პრეზიდენტმა. დიდი ალბათობით ტრამპს მოუწევს მმართველობის რეალობას მოერგოს, თუმცა არც იმ პოპულიზმზე იტყვის უარს, რამაც მას პრეზიდენტობა გაუნაღდა.

რიგით 45-ე პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი ტესტი რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკა იქნება - ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობა და მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მიდგომა ექნება დონალდ ტრამპს ვლადიმირ პუტინთან.   

ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე მსჯელობა უფრო მარტივი მას შემდეგ გახდება, რაც ის სახელმწიფო მდივანს შეარჩევს. ამ კონკურსს დიდი ალბათობით წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი გამოეთიშა, რომელმაც ჟურნალისტებთან ეს შესაძლებლობა უარყო.

სახელმწიფო მდივნობისთვის ჯერჯერობით რამდენიმე კანდიდატი დასახელდა:

ჯონ ბოლტონი  

უმცროსი ბუშის დროს აშშ-ს ელჩი გაეროში იყო გაეროში. ბოლტონი ობამას საგარეო პოლიტიკის მკაცრი კრიტიკოსი და მსოფლიოში შტატების აქტიური ჩართულობის მომხრეა. ჯერ კიდევ სამი წლის წინ, ჯონ ბოლტონი რუსეთის მიმართ ისეთი პოლიტიკის შემუშავებას ითხოვდა, რომელიც "პუტინისთვის მნიშვნელოვანი ზარალისა და ტკივილის მომტანი" იქნებოდა. ბოლტონი საქართველოს NATO-ში სწრაფად მიღების მომხრეა, 2008 წლიდან კი რუსეთს აქტიურად აკრიტიკებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისთვის. 

ზალმაი ხალილზადი

ავღანური წარმოშობის დიპლომატი ხალილზადი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გაეროში აშშ-ს წარმომადგენელი იყო. მაშინ  ხალილზადმა გაეროს უშიშროების საბჭოს სწრაფად მოქმედებისა და რუსეთის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდა.

"რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ დემოკრატიულად არჩეული მთავრობების სამხედრო გზით ჩამოგდების დრო აღარაა", - ამ სიტყვებით მიმართა ხალილზადმა გაეროში რუსეთის ელჩს ვიტალი ჩურკინს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

ომის დასრულების შემდეგაც, ხალილზადი ხშირად აკრიტიკებდა რუსეთს  თავის მეზობლებთან დამოკიდებულების გამო და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერია. "შესაძლოა, საქართველო რომ NATO-ში მიგვეღო მანამდე, მაგალითად, ბუქარესტის სამიტზე, თავიდან აგვერიდებინა, რაც მერე მოხდა" - ეს სიტყვები ხალილზადიმ ტაბულასთან ინტერვიუში, რამდენიმე თვის წინ თქვა. მისი განცხადებით, 2008 წლის ომის შემდეგ გატარებულმა პოლიტიკამ  გაართულა მდგომარეობა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც უკრაინაა.  ხალილზადი გაერომდე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს ორ ქვეყანაში, ავღანეთსა და ერაყში, იცავდა. 

ბობ კორკერი

სახელმწიფო მდივნობის კიდევ ერთი კანდიდატი ბობ კორკერია - სენატორი ტენესიდან და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე. კორკერი ერაყში  დაწყებული ომის მხარდამჭერად რჩება. ის პრეზიდენტ ობამას პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებდა როგორც ახლო აღმოსავლეთის, ისე რუსეთის მიმართულებით. სენატორი კორკერი ასევე უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების მომხრეა.

სტენლი მაკკრისტალი

ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი სტენლი მაკკრისტალი კიდევ ერთი ადამიანია, რომელმაც შეიძლება ჯონ კერი სახელმწიფო დეპარტამენტში შეცვალოს.  მაკკრისტალი ოთხვარსკვლავიანი გენერალია, რომელმაც 2010 წელს ღიად გააკრიტიკა პრეზიდენტ ობამას პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში. ამ განცხადებებს მალევე მისი გადადგომა მოჰყვა, რის შემდეგაც ის პენსიაზე გავიდა. მაკკრისტალი 2014 წელს უკრაინის თემაზე ამბობდა, რომ აშშ უნდა მოერიდოს რუსეთთან ღია დაპირისპირებას, თუმცა არც უკანდახევა უნდა აჩვენოს ვლადიმირ პუტინს.

სახელმწიფო მდივანი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ბევრს წყვეტს თუმცა  მთავარი სიტყვა მაინც პრეზიდენტს ეკუთვნის. მოეხსნება, თუ არა რუსეთს სანქციები და როგორ განვითარდება მოვლენები სირიაში, ეს ის ორი ძირითადი საკითხია, რაც რეგიონის მიმართ თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის შესახებ ბევრს გვეტყვის. 

კომენტარები