აშშ-ის საგარეო პოლიტიკა

რუბიო სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს: არის, თუ არა პუტინი სამხედრო დამნაშავე?

forbes.com

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ რექს ტილერსონს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენისას რუსეთთან და პუტინთან დაკავშირებით რთული კითხვების მოსმენა მოუწია.

ტილერსონს ისიც ჰკითხეს, არღვევს თუ არა საერთაშორისო ნორმებს რუსეთი სხვა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციით, მათ შორის, საქართველოსი, რაზეც სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა დადებითი პასუხი გასცა.

განსაკუთრებით მწვავე კითხვები სენატორმა მარკო რუბიომ დასვა. მათ შორის რუსეთის სამხედრო და კიბერ ინტერვენციებზე სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ის არჩევნებში ჩარევის ჩათვლით. მან სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს აზრი ჰკითხა რუსეთის წინააღმდეგ არსებულ და მოსალოდნელ აქციებზეც, რაზეც ტილერსონმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა.

"არის თუ არა ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავე?" - ჰკითხა რუბიომ ტილერსონს, რომელსაც პუტინთან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს. ტილერსონს რუსეთთან მჭიდრო ბიზნეს კავშირებიც ჰქონდა, როგორც ExxonMobil-ის აღმასრულებელ დირექტორს.

"მე ამ ტერმინს არ გამოვიყენებდი" - უპასუხა რუბიოს ტილერსონმა.

რუბიომ ტილერსონს ალეპოში არსებული მძიმე ვითარება და რუსეთის მონაწილეობა შეახსენა მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვაში. მან პუტინის მიერ წარსულში წარმართული მსგავსი ქმედებებიც გაიხსენა - მაგალითად, ჩეჩნეთში და კიდევ ერთხელ გაუმეორა ტილერსონს შეკითხვა პუტინზე. ტილერსონმა შეკითხვაზე პირდაპირ პასუხის გაცემას თავი აარიდა და თქვა, რომ მეტი ინფორმაციის გაცნობა სჭირდება.

რუბიომ ტილერსონს ვლადიმერ პუტინის რეჟიმის კრიტიკოსები- დისიდენტები, ჟურნალისტები, პოლიტიკური ოპონენტებიც შეახსენა, რომლებიც საეჭვო ვითარებაში მოკლეს, ან საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ. სენატორმა კანდიდატს ჰკითხა, სჯერა, თუ არა, რომ პუტინი და მისი ქვეშევრდომები არიან პასუხისმგებელი მკვლელობებზე, რაზეც ტილერსონმა უპასუხა, რომ საკმარისი ინფორმაცია არ აქვს, ეს რომ ამტკიცოს.

სენატორმა კორკერმა მოგვიანებით სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს კიდევ ერთხელ კითხა, თუკი აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები მას დაუდასტურებდნენ, რაც რუბიომ აღწერა, დაარქმევდა თუ არა ამას სამხედრო დანაშაულებს, რაზეც ტილერსონმა დადებითი პასუხი გასცა.

კომენტარები