აშშ-ის საგარეო პოლიტიკა

ტრამპის საკადრო გადაწყვეტილება - თეთრი სახლის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით

მაიკლ ფლინი
Politico.com

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად წარდგენილი მაიკლ ფლინის ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები რუსეთთან დაკავშირებით, თეთრი სახლის მომდევნო ადმინისტრაციის პოლიტიკას რეგიონთან მიმართებით არაპროგნოზირებადს ხდის. ამის შესახებ სტატიას eurasianet ავრცელებს.

გენერალი ფლინი 2012-14 წლებში აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ის საპრეზიდენტო კამპანიისას ტრამპის მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. სხვა მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები, როგორიცაა თავდაცვის მინისტრი და სახელმწიფო მდივანი, ჯერ არ დასახელებულა, თუმცა, ჩანს, რომ ფლინს არჩეული პრეზიდენტის ნდობა აქვს და მას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკაზე.

როგორც სტატიაში წერია, ფლინის მთავარი ინტერესი დღესდღეობით რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებებია და, სავარაუდოდ, მოვლენებს ევროპასა თუ აზიაში სწორედ ამ ჭრილიდან შეხედავს.

"ფლინი 2015 წელს მოსკოვში იმყოფებოდა და რუსეთის პრეზიდენტთან ერთად ისადილა კიდეც. ის საუბრობდა, რომ ამერიკამ და რუსეთმა ისლამისტური ტერორის შესაჩერებლად უნდა ითანამშრომლონ. "რუსეთის ხუთი თუ ათი ათასი მოქალაქე იბრძვის სირიაში. ვფიქრობ, არ ვაღიარეთ თუ არ გავაანალიზეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს პრობლემის გადაჭრას, რომელიც რეალურად არსებობს სირიასა და ერაყში", - ამბობდა ის.

თუმცა, თავის წიგნში "ბრძოლის ველი: როგორ შეგვიძლია, მოვიგოთ გლობალური ომი რადიკალური ისლამისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ", რუსეთი დასახელებულია მტრული ალიანსის მნიშვნელოვან ნაწილად. "ყველაზე აქტიური და ძლიერი წევრები მტრული ალიანსისა რუსეთი და ირანია", - წერს ის. განსხვავებით რუსეთში თქმულისა, წიგნში ფლინი სკეპტიკურად უყურებს ისლამიზმის წინააღმდეგ დასავლეთისა და რუსეთის თანამშრომლობის იდეას", - წერია სტატიაში.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ფლინს ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები ჰქონდა თურქეთთან მიმართებითაც. ივლისში, თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობისას, ის აჯანყებულებს მხარდაჭერას უცხადებდა, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს ისლამისტად მოიხსენიებდა და ამბობდა, რომ ის პრეზიდენტ ობამას ახლო მოკავშირე იყო. თუმცა, ფლინმა ნოემბერში ოპ-ედი გამოაქვეყნა, სადაც მხარდაჭერას უცხადებდა პრეზიდენტ ერდოღანს, ბარაკ ობამას აკრიტიკებდა უყურადღებობის გამო და ფეთულა გიულენის ექსტრადიციას ემხრობოდა, ვისაც თურქეთი გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.

"ამიტომაც, ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორი იქნება ტრამპის პრეზიდენტობა. რადგან გამოცდილების არმქონე და საგარეო პოლიტიკაში მცირედით დაინტერესებული დონალდ ტრამპი გავლენის ქვეშ მარტივად მოექცევა და მისი აზრის ცვლილება ადვილი იქნება", - წერია სტატიაში.

სტატიის ავტორი ფიქრობს, რომ ევრაზიის რეგიონის ქვეყნებმა ლობიში მნიშვნელოვანი თანხები უნდა ჩადონ, რადგანაც თეთრი სახლი ისეთი ადამიანებით კომპლექტდება, რომლებსაც რეგიონის საქმეები მცირედით ესმით და მათი პოლიტიკის ცვლილებები დაფუძნებული იქნება მათზე, ვინც იხდის. 

კომენტარები