ლარი დღევანდელ სავალუტო აუქციონზე დოლართან მიმართებით 1.2 თეთრით გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი დოლარის ღირებულება 2.4899 ლარია, ეს ლარის გაუფასურების ისტორიულ მინიმუმზე 0.8 თეთრით ნაკლებია. ლარი დღესვე ევროსთანაც გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი ევრო 2.7098 ლარი ღირს, რაც წინა კურსთან შედარებით 1 თეთრით მეტია.
ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ასეთ მოკლევადიან რყევებზე კომენტარების გაკეთება რთულია, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კურსს გამყარების ტენდენცია ექნება. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კი კურსის მერყეობაზე დასმულ კითხვებს უკვე აღარ პასუხობს.
"მოკლევადიან რყევებზე არ უნდა გაკეთდეს ასეთი კომენტარი, რადგან ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებები ძალიან დიდ რისკს მოიცავს. კურსზე მოქმედებს სხვადასხვა გარიგებები, ასევე სვადასხვა მოლოდინები, რომლებიც არსებობს და ეს ყველაფერი ერთად აისახება. იქნება გაუფასურებები, იქნება გამყარებები, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ჩვენს ვალუტას ექნება გამყარების ტენდენცია", - ამბობს კობა გვენეტაძე.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე მყარი 10 ივნისს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.127 ლარი ღირდა, წლევანდელი გაუფასურების პიკი კი 28 იანვარს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.498 ლარი ღირდა.





