სავალუტო რეზერვები

გვენეტაძე: რატომღაც ავიწყდებათ, თუმცა მეტი რეზერვები შევისყიდეთ, ვიდრე გავყიდეთ

ტაბულა

2016 წლის მანძილზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მკვეთრი მერყეობის შესაჩერებლად სავალუტო ინტერვენცია 23-ჯერ განახორციელა. ამ ინტერვენციებზე შესყიდული თანხის მოცულობამ $278 მილიონი შეადგინა, გაყიდული თანხა კი $240 მილიონია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, შეფასებების კეთებისას ხშირად ავიწყდებათ ის გარემოება, რომ სებ-მა გაყიდული რეზერვების მოცულობასთან შედარებით მეტი უცხოური ვალუტა შეისყიდა.

კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს ახორციელებს მაშინ, როდესაც ლარის გაუფასურებას ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები არ იწვევენ და ამ ინსტრუმენტის გამოყენება ეროვნული ბანკის სტრატეგიაშიც შედის.

"ინტერვენციებს ვაკეთებთ მაშინ, როდესაც ვხედავთ რომ არ არის რაიმე ფუნდამენტური ფაქტორების გავლენა და არის გარკვეული მოლოდინები. იცით რომ მაშინ იყო გარკვეული მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციები და ჩვენ გავაკეთეთ ინტერვენციები. ეს შედის ეროვნული ბანკის სტრატეგიაში და ეს არის ის, რაც ძალიან ბევრჯერ, წარსულშიც გაუკეთებია ცენტრალურ ბანკს. 2012 წელს, 2013 წელს, 2014 წელს, 2015 წელს და სხვათა შორის გაცილებით მეტი მოცულობით ვიდრე ახლა ეს გაკეთდა. ეს ინტერვენციები აბსოლუტურად იყო შესაბამისობაში იმ პრაქტიკასთან, რასაც ეროვნული ბანკი ატარებს. არ არის გამორიცხული რომ მომავალშიც, როდესაც ამის საჭიროება იქნება, ინტერვენციების გამოყენება მოხდეს. ამავე დროს მინდა შეგახსენოთ, რომ წლის განმავლობაში ჩვენ არა მარტო გაყიდვები გავაკეთეთ, გასული წლის მანძილზე ჩვენ დიდი მოცულობის შესყიდვებიც გავაკეთეთ და რატომღაც ყველას ეს ავიწყდება, უფრო ახსენდებათ ის რომ რეზერვები გავყიდეთ",-ამბობს კობა გვენეტაძე.
 

ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით (31 ოქტომბერი), საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა $2.56 მილიარდია, ეს მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით $314 მილიონით არის გაზრდილი, რაც ძირითადად 2016 წლის გაზაფხულის მანძილზე სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას უკავშირდება.

იმის მიუხედავად, რომ 2015 წელთან შედარებით სავალუტო რეზერვების მოცულობა გაზრდილია, ის მაინც 11%-ით ჩამოუვარდება 2013 წლის ოქტომბრის მაჩვენებლებს, ამ პერიოდში სებ-ის სავალუტო რეზერვები დაახლოებით $2.9 მილიარდს შეადგენდა. 

ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუკი კურსი მაღალი სიჩქარით უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი - ყიდულობს.

კომენტარები