ე.წ. ტექდათვალიერება

ქუმსიშვილი: 2018 წლიდან ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო იქნება

facebook.com/economypr

2018 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ტესტირება სავალდებულო გახდება. ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით მთავრობამ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. 

ქუმსიშვილის თქმით, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება. ტექნიკური დათვალიერების სისტემის შემოღებას კი ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობის შემცირება უნდა მოჰყვეს.

ეკონომიკის მინისტრი არსებულ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, თუ რა ეღირება ავტომობილების ტექნიკური ტესტირება, ასევე უცნობია, თუ რა პერიოდულობით მოხდება სხვადასხვა წლოვანების ავტომობილების ტესტირება. ქუმსიშვილის თქმით, საკონსულტაციო მომსახურებაზე ინტერესთა გამოხატვას მთავრობა სწორედ ამ ინფორმაციის მოპოვების მიზნით გეგმავს. 

წინასწარი გათვლებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ღირებულება დაახლოებით $30 მილიონი დოლარია და მის ფარგლებში გადამზადდება და დასაქმდება დაახლოებით 1000 ადამიანი. მთავრობა რეფორმას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებით ამართლებს, რაც საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ სტანდარტებთან საქართველოს სტანდარტების ჰარმონიზაციას ავალდებულებს.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქვეყანაში კორუფციისგან თავისუფალი, სრულიად გამჭვირვალე და ობიექტური ტესტირების სისტემა დაინერგება:

  • მოხდება საქართველოს თითოეული რეგიონის შესწავლა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი ცენტრების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით. ყველა რეგიონს მოემსახურება ცენტრების საკმარისი რაოდენობა, რათა ინსპექტირების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. 
  • ჩამოყალიბდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები; 
  • დაინერგება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის ერთიანი ცენტრალიზებული მართვის ავტომატიზებული სისტემა, რომელიც სრულად გამორიცხავს შემოწმების პროცესში კორუფციული გარიგებების ალბათობას; 
  • შემუშავდება რეკომენდაციები ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისა და აირბალონით აღჭურვილი ავტომანქანების კონტროლის სისტემების ინტეგრაციის შესახებ.

კომენტარები