ე.წ. ტექდათვალიერება

სამინისტრო: ტექდათვალიერების საფასურის დადგენისას, რეალობას გავითვალისწინებთ

economy.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია მიქელაძის თქმით, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ე.წ. ტექდათვალიერების საფასურის დადგენისას, ქვეყნის რეალობა გათვალისწინებული იქნება.

„საფასური არ იქნება ისეთივე, როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნებში. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ჩვენი ქვეყნის რეალობა და მთავრობა აქცენტს გააკეთებს საფასურის ხელმისაწვდომობაზე. ეს კომპანია TUV Rheiland Group- თან შემდგომი მოლაპარაკებების ეტაპია, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას განახორციელებს", - თქვა ნათია მიქელაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კომპანიის შერჩევის კრიტერიუმები განმარტა და აღნიშნა, რომ ე.წ ტექდათვალიერების პროცესში მისი ჩართვა კორუფციის პრევენციას შეუწყობს ხელს.

მიქელაძის ინფორმაციით, TUV Rheiland Group-ს აქვს საქმიანობის 140-წლიანი გამოცდილება, მოიცავს 500-ზე მეტ ფილიალს მსოფლიოს მასშტაბით და მისი წლიური ბრუნვა მილიარდ 300 მილიონ ევროს აღემატება.

„ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, ყველა ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სტანდარტებთან, რაც გაზრდის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და დადებითად აისახება გარემოს დაცვაზე. გარდა ამისა, საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება შეუფერხებლად შეძლებს საერთაშორისო საგზაო მოძრაობაში ჩართვას", - აღნიშნა მიქელაძემ.

მიქელაძის ცნობით, TUV Rheiland Group-ის სამუშაო ჯგუფს საქართველოში მიმდინარე კვირას ელოდებიან, რის შემდეგაც ხელშეკრულების დეტალებზე მუშაობა დაიწყება.

გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ოთარ დანელიამ თქვა, რომ პროექტის მომზადებას გარკვეული პერიოდი დასჭირდება, რის შემდეგაც ურთიერთთანამშრომლობის პირობები გასაჯაროვდება.

„წლების განმავლობაში ეს არ კეთდებოდა, სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ პოლიტიკურად არამომგებიანი იყო. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ეს სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტია და მის განხორციელებას წინ ვერაფერი დაუდგება. ტექდათვალიერების მოქმედების ვადები, სავარაუდოდ, დამოკიდებული იქნება ავტომობილის გამოშვების თარიღზეც, ვინაიდან სალონიდან გამოყვანილ და 20 წლის ავტომანქანებზე ტექდათვალიერება ერთი და იგივე ვადით ვერ გაკეთდება. გარდა ამისა, არ გამოვრიცხავთ ავტომანქანების სეგმენტაციას. თუმცა, დეტალებზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან სტატისტიკური მონაცემებიც ჯერ ბოლომდე დამუშავებული არ არის. ასევე, სავარაუდოდ, შემიძლია, გითხრათ, რომ ავტომობილის გამოშვების თარიღს მნიშვნელობა არექნება, მთავარია, ავტომანქანა ტექნიკურად გამართული იყოს", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას საერთაშორისო კომპანია TUV Rheiland Group განახორციელებს.

განკარგულების პროექტი ”საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე მოიწონა.

კანონმდებლობის თანახმად, 2015 წლის 1-ლი მარტიდან გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება.

ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 900 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება.

კომენტარები