ნარკოდანაშაული

სასამართლო: მღვდელი ნასამართლევი არაა, ეს გირაოს შეფარდებისას, მხედველობაში მივიღეთ

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ მამა გიორგი მეგრელიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, 4000 ლარიანი გირაო შეუფარდა, ხოლო მასთან ერთად დაკავებულ ოთარ სანოძეს - პატიმრობა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მამა გიორგი მეგრელიშვილს ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და გადაზიდვა, ხოლო ბრალდებულ ოთარ სანოძეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა და გადაზიდვა, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.

"სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ოთარ ს. არის წარსულში არაერთხელ ნასამართლევი სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისათვის, ამასთან, მას ბრალად ედება განზრახი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ასევე ბრალდებულის კონტაქტები ქვეყნის გარეთ და შესაბამისად მიიჩნია, რომ არსებობს მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით მიმალვისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხე. რაც შეეხება ბრალდებულ გიორგი მ.-ს, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით. სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება რომ ბრალდებული არაა წარსულში ნასამართლევი და არც ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირი, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს გამოყენების პირობებშიც მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები. " - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

ცნობისთვის, მამა გიორგი მეგრელიშვილი 0.008 გრამი ბუპრენორფინის შეძენა-შენახვისთვის დააკავეს, რის გამოც გამოძიების დასრულებამდე საპატრიარქომ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 15 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები