ჰაერის დაბინძურება

ჰაერის ძლიერი დაბინძურების გამო, ნიუ დელიში სკოლები სამი დღით დაიხურა

სმოგი ნიუ დელიში
EUROPEAN PRESSPHOTO AGENCY

ინდოეთის დედაქალაქში - ნიუ დელიში არსებული სმოგის გამო, ქალაქის ხელმძღვანელობამ სამი დღით სკოლების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ჰაერის დაბინძურების გამო ათასობით მაცხოვრებელს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

The Wall Street Journal-ის ცნობით, 9.8 მილიონიან ქალაქში ჰაერის დაბინძურების დონე, კონკრეტულად კი ჰაერში მიკრო ნაწილაკების შემცველობა, რომლებიც ფილტვებს აზიანებს, გასული კვირიდან კრიტიკულ დონეს აჭარბებს.

ნიუ დელიში მთავარი დამაბინძურებლები ავტომობილების გამონაბოლქვი, ნაგავსაყრელებზე არსებული ხანძრების გამოყოფილი ჭვარტლი, ახლომდებარე ინდუსტრიული ზონების გამონაბოლქვი და დაურეგულირებელი სამშენებლო სამუშაოებია. ამ ფაქტორების გამო ქალაქი უკვე წლებია ატმოსფეროს დაბინძურების მხრივ მსოფლიოში მოწინავე ადგილებს იკავებს.

ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები როგორც წესი ზამთრის წინ იზრდება, ამ პერიოდში ქალაქის გარშემო არსებული ფერმერული მეურნეობები მოსავლის აღების შემდეგ ნაკვეთებს ნარჩენებისგან ხშირ შემთხვევაში ცეცხლის გამოყენებით ასუფთავებენ, რასაც დამატებითი კვამლი მოჰყვება. დელის მოსახლეობის ნაწილი ზამთარში გათბობის მიზნით ხის მასალას წვავს, რასაც ასევე გამონაბოლქვის ზრდა მოჰყვება.

ნიუ დელის მთავრობამ სიტუაციის გამოსწორების მიზნით რამდენიმე საგანგებო რეგულაცია შემოიღო: ესენია ქალაქში დიზელის გენერატორების გამოყენების დროებითი აკრძალვა, სამშენებლო სამუშაოების დროებითი შეჩერება.
 
ნიუ დელის გარემოს დაცვის მინისტრი, იმრან ჰუსაინი მიმდებარე შტატების მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მოსავლის აღების შემდეგ მიწის ნაკვეთებზე არსებული ნარჩენები არ დაწვან.

კომენტარები