საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს საქართველოს პარლამენტში. ამასთან, რუსთავი 2-ის კითხვაზე, "ირაკლი კობახიძის კანდიდატურა თუ განიხილება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე", გიორგი კვირიკაშვილი პასუხობს, რომ "დიახ, განიხილება".
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მე-9 მოწვევის პარლამენტში ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უხელმძღვანელებს. ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს თამარ ჩუგოშვილი ჩაიბარებს. ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, გია ვოლსკის ნაცვლად ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ახალი სახე, მამუკა მდინარაძე იქნება.
როგორც ცნობილია, საუბარია ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშვნაზე. რაც შეეხება მანანა კობახიძეს, იმედის ცნობით, მას ახალი მოწვევის პარლამენტში არანაირი თანამდებობა არ ექნება.
ასევე, საუბარია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელად სოფო ქაცარავას დანიშვნაზე. რაც შეეხება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, კანდიდატურად, ამ დროისთვის არსებული ცნობებით, მარიამ ჯაში განიხილება, თუმცა, ეს თანამდებობა დიმიტრი ხუნდაძეს კვლავ სურს.
ირაკლი სესიაშვილს კი არ აქვს ინფორმაცია, კვლავ იქნება თუ არა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მისი თქმით, თანამდებობებზე კვალიფიციურობით უნდა დაინიშნონ.
როგორც ცნობილია, კვირის ბოლოს ქართულ ოცნებაში პოლიტსაბჭო ტარდება, რის შემდეგაც უფრო ნათლად გაირკვევა საკანონმდებლო ორგანოში თანამდებობების გადანაწილების საკითხი.





