არჩევნები 2016

უგულავა: ამომრჩევლებისთვის ენმ გაურკვევლობასა და დაბნეულობას ასხივებდა

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ჩვენს მომხრეებში აქტიურად განიხილებოდა საკითხი - რა როლი ითამაშა მიშას მიერ დაანონსებულმა - მე გადმოვცურავ ზღვა-ს. ჩემის აზრით, აქ სიმართლე შუაშია. თავისთავად ცხადი იყო, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა არჩევნებს მოიგებდა, მიშა სააკაშვილი აიღებდა ოდესა-თბილისის რეისზე ბილეთს და შეძლებდა დაუბრკოლებდად ჩამოსვლას სამშობლოში, მშობლიურ ქალაქში. ისევე როგორც, მაგალითად, მე გიგი უგულავა, და სხვებიც დავტოვებდით საპატიმროებს. ეს თავისთავდ ცხადი საკითხი იყო და ამას დამატებით ხაზგასმა არ სჭირდებოდა. მაგრამ პარტიის საზოგადოებასთან კომუნიკაციაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო პასუხის არქონა ერთ საკვანძო კითხვაზე - ვინ არის თქვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი? ვინა არის ის პირი, რომელმაც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ პროგრამის (ობიექტურად საუკეთესო და რეალისტური) შესრულებაზე? პარტია ამ შეკითხვაზე დაბნეული, პირდაპირ ვთქვათ, ბლუყუნებდა. როგორ წარმოგვიდგენია ასეთ პირობებში გამარჯვება? როგორ შეიძლება გამარჯვების იმედი გქონდეს და არ იყო მკაფიო მთავარ საკითხში. მე, მართალია, საერთოდ არ ჩავრეულვარ არანაირი ფორმით წინასაარჩევნო კამპანიაში და ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა მაძლევს ღიად თქმის უფლებას - ნაციონალური მოძრაობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილი (მიუხედავად მისი შესაძლო სურვილისა). მაგრამ ეს ვიცოდი მე და კიდევ შესაძლოა 20 კაცმა, ხოლო ამომრჩევლებისთვის ჩვენ გაურკვევლობას, დაბნეულობას ვასხივებდით. ჩვენ ან პირდაპირ უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ჩვენი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდანტი მიხეილ სააკაშვილია, ან პირდაპირ გვეთქვა, რომ ჩვენი კანდიდატი არის დავით ბაქრაძე, სიის პირველი ნომერი, ვინც ლოგიკურად უნდა ყოფილიყო ასეთად დასახელებული ან მოგვეწვია და შეგვეთავაზებინა კონკრეტული ადამიანისთვის, ვინც ჩაუდგებოდა სათავეში კამპანიას. გაურკვევლობამ, რომელიც ჩვენ დავუშვით, შექმნა წარმოდგენა, რომ ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, საზოგადოებას ვთავაზობთ მიშა სააკაშვილის ფორმალურ ან არაფორმალურ მმართველობას. და მოხდა ის, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, ქვეყანამ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა ამჯობინა. აქვე ხაზს ვუსვამ, მე არ ვსაუბრობ აქ წაგების მიზეზზე

გიგი უგულავას წერილიდან

კომენტარები