ერაყი-ISIS

ერაყის არმიამ ქალაქი მოსულის ფრონტის ხაზი გაარღვია

AFP/Getty Images

ერაყის არმიამ ქალაქი მოსულის ფრონტის ხაზი დანაკარგების გარეშე გაარღვია.

ერაყის სამხედრო ძალების პრესსპიკერმა, საბაჰ ალ-ნუმანმა, BBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ერაყის სამხედრო ძალებმა ფრონტის ხაზი დანაკარგების გარეშე გაარღვიეს და უამრავი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლის ლიკვიდირება მოახერხეს.

Al Jazeera-ს ცნობით, საუბარია დაახლოებით 100 ტერორისტზე.

BBC-ის ცნობით, ერაყის არმიამ მოსულის აღმოსავლეთ რაიონ კოკჯალიზე კონტროლი გუშინვე, ქალაქში შესვლიდან რამდენიმე საათში დაამყარა, შემდეგ კი კარამას რაიონიც დაიკავა. გარდა ამისა, მოსულში შესვლამდე, ერაყის არმიამ მასთან ახლოს მდებარე 11 სოფელი გაათავისუფლა.

ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 2014 წლის ივლისიდან აქვს დაკავებული. ქალაქის გასათავისუფლებლად 50 000-მდე ერაყელ ჯარისკაცთან ერთად, ქურთი მებრძოლები, სუნიტური არაბული ქვეყნების გაერთიანებული ძალები და შიიტი მებრძოლები იბრძვიან. მათ საჰაერო დახმარებას კი საერთაშორისო კოალიციის ავიაცია უწევს.

ერაყმა მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო.

კომენტარები