საარჩევნო სისტემა

კობახიძე: ვიმსჯელებთ, კონკრეტულად რა ტიპის საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდება

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი არ პასუხობს კითხვას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაუქმდება თუ არა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. მისი თქმით, მსჯელობის საგანია, რა საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდება.

"რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მსჯელობა იქნება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ეს შეეხება, რა თქმა უნდა, საარჩევნო სისტემასაც. მთავარია, შეიქმნას შესაბამისი ფორმატი და უნდა შედგეს ფართო კონსენსუსი იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც შევა ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში. დღესვე შეგვიძლია, დავდოთ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილებები დაიმსახურებს ძალიან მაღალ შეფასებას ჩვენი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნორების მხრიდან, ეს იქნება ობიექტური და სამართლიანი შეფასება", - თქვა კობახიძემ.

ტაბულას კითხვაზე, გაუქმდება თუ არა მაჟორიტარული სისტემა, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი პასუხობს, რომ "ჩვენ არც რთ საკითხთან დაკავშირებით არ გვაქვს წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი პოზიცია".

"ჩვენ დავაანონსეთ პროცესის დაწყება და ამ პროცესის ფარგლებში აბსოლუტურად ღია არის ყველა საკითხი, გვექნება მსჯელობა ყველა საკითხთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდება. ამასთან დაკავშირებით, იმსჯელებს ეს ფორმატი და მის ფარგლებში მივიღებთ შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, და ამ ფორმატის მუშაობა დაეფუძნება, რა თქმა უნდა, კონსენსუსის პრინციპს. ეს არის პირობა, რომელიც დღესვე შეგვიძლია, დავდოთ".

ცნობისთვის, პარლამენტში დარეგისტრირებულია ქართული ოცნების 81 დეპუტატის ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილებების თაობაზე, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით პარლამენტის არჩევის ახალ წესს ითვალისწინებს. კანონპროექტი საარჩევნო ბარიერის 5-დან 4%-მდე შემცირებასაც მოიცავს. კერძოდ, საპარლამენტო მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებს მიეკუთვნებათ, რომლებიც ყველა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ხმების 4%-ს მაინც მიიღებენ.

კომენტარები