სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

ომბუდსმენი პროკურატურას სავარაუდო სიძულვილის მოტივის გამოკვეთისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის ფაქტზე საგამოძიებო პროცესი წარმართოს სავარაუდო სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიმართულებით.

განცხადებაში, რომელსაც ომბუდსმენი ავრცელებს, აღნიშნულია, რომ აპარატის წარმოებაში არაერთი საქმეა, რომელშიც შესაძლოა დისკრიმინაციული მოტივი ვლინდებოდეს, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, გამოძიების პროცესში არ ხდება სავარაუდო სიძულვილის მოტივზე მსჯელობა ან/და ბუნდოვანი რჩება, თუ რა სახის საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა ასეთი მოტივის გამოვლენის მიზნით

„სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსგავსი სახის დანაშაულებზე ჭეშმარიტების დადგენა და მათ შორის, დანაშაულის რეალური მოტივის იდენტიფიცირება, არამხოლოდ კონკრეტულ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების, არამედ მომავალში სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით არის აუცილებელი. საზოგადოებაში გავრცელებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობის ფონზე არსებობს მსგავსი დანაშაულების განმეორების საფრთხე, მითუმეტეს, რომ საგამოძიებო ორგანოები დისკრიმინაციულ მოტივზე ძირითადად ყურადღებას არ ამახვილებენ" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

14 ოქტომბერს, გვიან ღამით, თბილისში, ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მას რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღითა და ბლაგვი საგნით გაუსწორდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები