სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

შსს: 2018 წელს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, 53 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს სიძულვილის მოტივი გამოიკვეთა 50-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეში, რაც აჭარბებს 2017 წლის სრულ მონაცემებს. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის თემაზე შეხვედრა დღეს გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი უძღვებოდა.

შსს-ს ცნობით, 2018 წელს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, 53 პირი დააკავეს.

"კერძოდ, სქესისა და გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ იქნა 39 პირი, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით - 10 პირი, ეროვნული და ეთნიკური ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით კი - 4 პირი. დაკავებულ პირთა უმრავლესობას ბრალი ედებოდა ძალადობაში" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ "სამინისტროს პოლიტიკა სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ არის მკაცრი, რაც, უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და თითოეული ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება".

სამინისტროს შეფასებით, 2018 წლის სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ გაიზარდა გამომძიებელთა ცნობიერება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულების შესახებ.

"ასევე, დაიხვეწა გამოძიების პროცესში მოტივის იდენტიფიცირების ტექნიკა. იმის გათვალისწინებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დისკრიმინაციის წინაღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, გამომძიებლებისთვის შემუშავდა სახელმძღვანელო, რომელშიც გაიწერა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესაძლო დაზარალებულის, ბრალდებულისა და მოწმის გამოკითხვის/დაკითხვის ინსტრუქცია და დაიწყო ამ მიმართულებით გამომძიებელთა სპეციალიზაცია, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ასეთი კატეგორიის დანაშაულების გამოძიების ხარისხს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოების გარანტს და მოწოდებულია, დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა" - აცხადებს შსს.

კომენტარები