სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

პროკურატურა: სიძულვილით მოტივირებული დანაშაული 8 შემთხვევაში დადასტურდა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2016 წლის ივნისიდან სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩადენა 8 სისხლის სამართლის საქმეზე დადასტურდა. მათ შორის ოთხ შემთხვევაში სექსუალური ორიენტაციის, ერთ შემთხვევაში გენდერული იდენტობის, ხოლო სამ შემთხვევაში - რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით. ამის შესახებ აღნიშნულია მთავარი პროკურორის ანგარიშში, რომელიც ირაკლი შოთაძემ დღეს საპროკურორო საბჭოს წარუდგინა.

ანგარიშის მიხედვით, ამ ეტაპზე 7 პირის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩადენა, სასჯელის დანიშვნის დროს, დამამძიმებელ გარემოებად იქნა გათვალისწინებული.

დღეს მთავარ პროკურორს კონკრეტულ საქმეებზე არ უსაუბრია, თუმცა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყველა საქმეზე, სადაც არსებობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნები, სრულყოფილი გამოძიება ხდება.

"აღნიშნული მიმართულებით მე გამოცემული მაქვს შესაბამისი რეკომენდაცია პროკურორებისთვის. თითოეულ მსგავს ფაქტზე, სადაც არსებობს რისკი იმისა, რომ ჩადენილია სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, ხდება სრულყოფილი გამოძიების ჩატარება და უკვე გვაქვს პრეცედენტები სასამართლოს განაჩენებში, სადაც სასამართლომ ეს გარემოება მიიჩნია და ჩაუთვალა დამამძიმებელ გარემოებად", - ამბობს ირაკლი შოთაძე.

მთავარი პროკურორის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს, რეკომენდაციის გარდა, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის ჩატარდა ტრენინგები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების თემაზე. ირაკლი შოთაძე ანგარიშში ასევე აღნიშნავს, რომ პროკურორთა ტრენინგი იგეგმება 2017 წელსაც.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი, ეკა ჭითანავა მიიჩნევს, რომ პროკურორთა გადამზადება მნიშვნელოვანია, თუმცა, მთავარია არსებობდეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების კეთილი ნება სახელმწიფოს მხრიდან.

"ძირითად გახმაურებულ შემთხვევებზე, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები სწავლობენ, ადვოკატირებას უწევენ და იცავენ უმცირესობების უფლებებს, არ არის სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური და ადეკვატური რეაგირება. ეს ეხება როგორც რელიგიური შეუწყნარებლობის, ასევე, სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულებს. ევროპული კომისიაის რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) ბოლო რეკომენდაციაა შექმნას პოლიციის სპეციალური დანაყოფი, რომელიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე იმუშავებს. თუმცა, ამ კუთხით კონკრეტული შედეგი ჯერ-ჯერობით არ არის. რამდენიმე საქმე შეიძლება სწორად იყოს დაკვალიფიცირებული, მაგრამ ეს ზოგად სურათს არ ცვლის. შემთხვევები, სადაც იკვეთება შეუწყნარებლობის ნიშნები, არის გამოუძიებელი. გარდა ამისა, არ ხდება შესაბამისი რეაგირება იმ სავარაუდო დანაშაულებზე, რომელშიც სახელმწიფოს წარმომადგენლები მონაწილეობენ", - უთხრა ჭითანავამ ტაბულას.

კომენტარები