სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

ხოშტარია: ჰომოფობ პოლიტიკოსთა განცხადებები მომხდარი დანაშაულის ერთ-ერთი მიზეზია

ელენე ხოშტარია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ათეულის წევრი ელენე ხოშტარია ტრანსგენდერ ქალზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მსგავსი მძიმე დანაშაულების ერთ-ერთი მიზეზი პოლიტიკოსთა ნაწილის რიტორიკაა, რომელიც ხშირად დაუფარავად ჰომოფობიურია. ხოშტარიას თქმით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების წინააღმდეგ სახელმწიფოს პოლიტიკა გაცილებით ქმედითი და ეფექტური უნდა გახდეს, რისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ გაბედული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.

"ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც არაერთხელ მომხდარა ჩვენთან საზოგადოებაში და ამის მიზეზი არის ძალიან მარტივი, პირველი ის რომ ჩვენ გვყავს ჰომოფობი პოლიტიკოსები. ნაწილი პოლიტიკოსებისა ყოველ შემთხვევაში აშკარად ჰომოფობია და ისინი ბედავენ და სიძულვილის ენას იყენებენ. მეორე ის რომ სახელმწიფოს რეაგირება არის ძალიან სუსტი. სანამ მივა ასეთ დანაშაულამდე საქმე ძალიან ხშირად აბსოლიტურად გულგრილი დამოკიდებულება არის ამ ჯგუფის პრობლემათა მიმართ და ხშირად სასჯელიც არის ძალიან სუსტი, ამიტომაც ამას პირველ რიგში სჭირდება ძალიან გაბედული და ძალიან მტკიცე ბრძოლა სახელმწიფოს მხრიდან აი ამ მოტივით მომხდარი დანასაულის აღსაკვეთად"- რუსთავი 2-თან ამბობს ხოშტარია. 

14 ოქტომბერს, გვიან ღამით, თბილისში, ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მას რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღითა და ბლაგვი საგნით გაუსწორდა. ის ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც ტაბულას განუცხადეს, რომ პაციენტი პოლიტრავმით შეიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) არ გამორიცხავს, რომ მომხდარი სიძულვილით მტოვირიებული დანაშაული იყო.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკლელობის მცდელობას გულისხმობს. სხვა დეტალებზე უწყება ამ დროისთვის არ საუბრობს.

 

კომენტარები