ქარიშხალი მეთიუ

ჰაიტიში ქარიშხალ მეთიუს სულ მცირე 300 ადამიანი ემსხვერპლა, შტორმი ფლორიდას უახლოვდება

AP

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ჰაიტიში ქარიშხალ მეთიუს 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება, რადგან მაშველებს ქვეყნის სანაპირო რეგიონებში მუშაობა ჯერ არ დაუწყიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ ქალაქ როშ-ა-ბატოში 50 ადამიანი დაიღუპა, ქალაქ ჟერემიში კი შენობების 80 % დაინგრა.

ქარიშხალი მეთიუ მესამე კატეგორიის შტორმად შეფასდა. NBC-ის ცნობით, დღეს გამთენიისას ის აშშ-ის შტატ ფლორიდის სანაპიროსთანაც გამოჩნდა.

შტატის მთავრობა მოსახლეობას სანაპიროზე არგასვლისკენ მოუწოდებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ საცხოვრებელი სახლების დატოვების აუცილებლობა არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ეროვნული დახმარების სამსახურმა ფლორიდის სანაპიროებიდან უკვე მილიონ-ნახევარი მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ ჰაიტიში 2010 წელს მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას 160 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები