საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო: მოსამართლეთა ნაწილმა თავმჯდომარის კანდიდატურაზე საფიქრად დრო ითხოვა

საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, დღეს მოსამართლეებს თავმჯდომარის კანდიდატურაზე არ უმსჯელიათ, რადგან ნაწილმა კანდიდატურაზე ჩამოსაყალიბებლად დრო ითხოვა.

"2016 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა იმსჯელეს საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხზე. ასევე მათ შორის გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. მოსამართლეთა ნაწილმა თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჩამოსაყალიბებლად დამატებითი დრო ითხოვა.

შეხვედრაზე თავმჯდომარის კანდიდატურა/კანდიდატურები არ დასახელებულა", - ნათქვამია განცხადებაში.

ანონსის თანახმად, დღევანდელ სხდომაზე უნდა განეხილათ თავმჯდომარის არჩევის საკითხი. ჟურნალისტებმა შენობასთან საარჩევნო ყუთიც დააფიქსირეს. სასამართლოში 5 მოსამართლე იმყოფებოდა, რა რაოდენობაც საკმარისი იყო თავმჯდომარის ასარჩევად, თუმცა, კანონში შესული ცვლილებებით, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმი სულ მცირე 6 წევრია. სასამართლოში არ გამოცხადდნენ მაია კოპალეიშვილი, ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოში მყოფ მოსამართლეებს თავმჯდომარედ ზაზა თავაძის არჩევა სურდათ.

კომენტარები