საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ მერვე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული ოთხი წლის მანძილზე დეპუტატებმა პლენარული სხდომები და საკომიტეტო მოსმენები ჯამში 16 ათასჯერ გააცდინეს. ანგარიშის მიხედვით, 10 პლენარული სხდომა საერთოდ კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.
გაცდენების დეტალური სტატისტიკა ასე გამოიყურება:
- საპატიო მიზეზით პლენარული სხდომის გაცდენა - 5913 გაცდენა
- არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომის გაცდენის რაოდენობა - 983 გაცდენა
- საპატიო მიზეზით კომიტეტის სხდომა გაცდენის საერთო რაოდენობა - 4700 გაცდენა
- არასაპატიო მიზეზით კომიტეტის სხდომა გაცდენის რაოდენობა - 4436 გაცდენა
დეპუტატები გაცდენების მიზეზად ყველაზე ხშირად ოჯახურ მდგომარეობას იმიზეზებენ
- ოჯახური მდგომარეობის გამო გაცდენა - 4100 გაცდენა
- საპარლამენტო მივლინება - 855 გაცდენა
- პოლიტიკური მოსაზრების გამო გაცდენა - 541 გაცდენა
- ავადმყოფობა - 417 გაცდენა
დეპუტატები უმიზეზო გაცდენებზე უარს ვერ ამბობენ
საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშის მიხედვით, გაცდენების პრაქტიკა აჩვენებს, რომ დეპუტატები ყველაზე ხშირად იმიზეზებენ "ოჯახურ მდგომარეობას", თუმცა თავად ოჯახური მდგომარეობა არის ყველაზე ნაკლებად გადამოწმებადი და იოლად ფალსიფიცირებადი მიზეზი. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მოახდინა კანონპროექტის ინიცირება, რომლის მიხედვითაც პლენარული და საკომიტეტო სხდომების გაცდენების საპატიოდ ცნობის კრიტერიუმებიდან "ოჯახური მდგომარეობის" ამოღებას ითვალისწინებდა, თუმცა კანონპროექტი კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე აღარ გასულა.





