რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქართული იცნების წევრების ბრალდებებს ეხმაურება, რომლებიც ამბობენ, რომ გვარამიამ საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს 6-მილიონიანი ქრთამი შესთავაზა.
"მმართველ გუნდს გეგმა არ აქვს არც არჩევნებში გამარჯვების, არც ჩემი პასუხისგებაში მიცემის. 3-დღიანი ხალხია. ქრთამის მიცემა არის დანაშაული, რომელიც გამორჩენის მისაღწევად ხორციელდება, მამუკა ახვლედიანს ქრთამს ვერაფრით შევთავაზებდი იმიტომ, რომ არც ჩემს კონკრეტულ საქმეს და არც რუსთავი 2-ის საქმეს არ იხილავდა. მას ასევე არ ჰქონდა კომპეტენცია, რომ რაიმე ზემოქმედება მოეხდინა საქმეზე. ვნახეთ, ვინ ვის რა შესთავაზა და ვინ რა იყიდა პირველ და მეორე ინსტანციაში. 6 მილიონად მამუკა ახვლედიანს კი არა, პირდაპირ ქიბარ ხალვაშს ვიყიდიდი. საერთოდ გაიტანდა სარჩელს", - ამბობს გვარამია.
ქართული ოცნება გვარამია-ახვლედიანის საუბრის ჩანაწერს ეყრდნობა, სადაც, მათი თქმით, ნიკა გვარამია იმჟამინდელ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს ქრთამს სთავაზობს. მმართველი პარტიის წევრები გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ. (იხილეთ კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის კომენტარები).
როგორც ცნობილია, ამასთან დაკავშირებით, ნიკა გვარამიამ გუშინდელ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ტელეკომპანია მამუკა ახვლედიანს სასამართლოს თავმჯდომარეობის პერიოდში პირად უზრუნველყოფას ჰპირდებოდა როგორც უსაფრთხოების, ასევე მატერიალური კუთხით, თუ ის სისტემურ დანაშაულზე ხმამაღლა იტყოდა.
"ჩანაწერში, რუსთავი 2-ის სახელით, ვაძლევ გარანტიას მამუკა ახვლედიანს, რომ თუ მას რამე აქვს სათქმელი, მის პირად უზრუნველყოფას როგორც უსაფრთხოების, ასევე მატერიალური კუთხით ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე. ის ე.წ. whistle blower-ია - ადამიანი, რომელიც სისტემურ დანაშაულებზე ყვება შიგნიდან და მას სჭირდება დაცვა", - თქვა გვარამიამ.





