რომის პაპის ვიზიტი

"პაპი სულიერი აგრესორია" - აქცია აეროპორტის გზაზე

ტაბულა

თბილისის აეროპორტის გზაზე სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი რომის პაპის ჩამოსვლის საწინააღმდეგო აქციას მართავენ ლოზუნგით "პაპი სულიერი აგრესორია". სასულიერო პირების მოსაზრებით, პაპის ვიზიტი მართლმადიდებლურ პრინციპებს არ შეესაბამება.

დეკანოზ დავით ისაკაძის თქმით, პატრიარქი რომის პაპს იმიტომ ხვდება, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს. სასულიერო პირები ასევე ამბობენ, რომ აქციის მოტივაცია ქართველი მართლმადიდებლების პაპის გავლენისგან დაცვაა.

როგორც ტაბულას კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, აქციის მონაწილეებს ასევე უკავიათ ბანერი წარწერით "შორს საქართველოდან, ანტიქრისტე".

საქართველოს საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა და მიუღებლად მიიჩნია ზოგიერთი სასულიერო პირის მკვეთრად უარყოფითი განცხადებები რომის ეპისკოპოსის ვიზიტის გამო. ამასთან დაკავშირებით სასულიერო პირები ამბობენ, რომ ისინი აგრესიას არ ავრცელებენ.

15:00 საათზე რომის პაპი საქართველოში ჩამოვა. ის თბილისს 2 ოქტომბერს დატოვებს.

კომენტარები