რომის პაპის ვიზიტი

რომის პაპი: ექსტრემიზმი მანიპულირებს რელიგიური პრინციპებით და ამახინჯებს მათ

ტაბულა

რომის პაპის ფრანცისკეს თქმით, "დღეს არცთუ იშვიათია ძალადობრივი ექსტრემიზმი, რომლებიც მანიპულირებს სამოქალაქო თუ რელიგიური პრინციპებით და ამახინჯებს მათ, რათა გაბატონებისა და სიკვდილის ბნელ გეგმებს დაუქვემდებაროს ისინი". ამის შესახებ კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა პრეზიდენტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პაპი ფრანცისკე თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და პირველ ლედის.

"ბატონო პრეზიდენტო, 25 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. ამ პერიოდის მანძილზე, კვლავ მოპოვებული სრული თავისუფლების პირობებში, თქვენმა ქვეყანამ აღაშენა და განამტკიცა დემოკრატიული ინსტიტუტები, დასახა საყოველთაო და ჭეშმარიტი განვითარების გზები. ყველაფერმა ამან დიდი მსხვერპლიც მოითხოვა, რომელიც ერმა ვაჟკაცურად გაიღო, რათა დაეცვა ასე ნანატრი თავისუფლება. გისურვებთ, რომ მშვიდობისა და განვითარების გზაზე ხელიხელჩაკიდებულს ევლო საზოგადოების ყველა წევრს, რაც შექმნიდა სტაბილურ, სამართლიანსა და კანონისადმი პატივისცემით აღსავსე გარემოს, რომელიც უზრუნველჰყოფდა საზოგადოების ზრდას და ყველასათვის ხელსაყრელი შესაძლებლობების შექმნას.

ამგვარ ჭეშმარიტსა და მდგრად წინსვლას თავისი აუცილებელი წინასწარი პირობაც აქვს. ესაა რეგიონის ერებსა და სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობა. საამისოდ კი აუცილებელია მათ შორის ურთიერთპატივისცემის განმტკიცდება, რაც უცილობლად გულისხმობს თითოეული მათგანის სუვერენული უფლებების პატივისცემას და მათთვის ანგარიშის გაწევას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ხანგრძლივი და ჭეშმარიტი მშვიდობისაკენ მიმავალი გზის გასაკვალად კი იმის შეგნებაა საჭირო, რომ სახელმწიფოთა შორის სამართლიანი და სტაბილური ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელი პრინციპები ქვეყნებს შორის კონკრეტულ, მოწესრიგებულ და მშვიდობიან თანარსებობას უნდა ემსახურებოდეს. მართლაცდა, მსოფლიოს უამრავ წერტილში, როგორც ჩანს, ის ლოგიკა ჭარბობს, რომელიც ართულებს კანონიერი განსხვავებებისა და უთანხმოებების (რომლებიც ყოველთვის შეიძლება წარმოიშვას) მოქცევას ცივილიზებული განსჯისა და დიალოგის კალაპოტში, სადაც გაიმარჯვებდა საღი აზრი, ზომიერება და პასუხისმგებლობის გრძნობა. ეს განსაკუთრებით საჭიროა დღეს, როცა არცთუ იშვიათია ძალადობრივი ექსტრემიზმი, რომლებიც მანიპულირებს სამოქალაქო თუ რელიგიური პრინციპებით და ამახინჯებს მათ, რათა გაბატონებისა და სიკვდილის ბნელ გეგმებს დაუქვემდებაროს ისინი.

აუცილებელია, რომ ყველა ჩვენგანის გულებში უპირველესი ადგილი ეკავოს ადამიანის ბედს, ამ სიტყვის კონკრეტული გაგებით, მოთმინება და ძალისხმევა არ დავიშუროთ, რათა უთანხმოება ძალადობაში არ გადაიზარდოს, ეგზომ რომ აზარალებს ადამიანსა და საზოგადოებას. ნებისმიერი განსხვავებულობა – ეთნიკური, ენობრივი, პოლიტიკური თუ რელიგიური – უნდა იქცეს არა წარმოშობილ უთანხმოებათა დაპირისპირებასა და გაუთავებელ ტრაგედიაში გადაზრდის საბაბად, არამედ, რაც სავსებით შესაძლებელია, ურთიერთგამდიდრების წყაროდ და საყოველთაო სიკეთედ. საამისოდ კი, ყოველ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი სპეციფიკურობის სრულად და სასიკეთოდ გამოყენება, რისთვისაც, უპირველეს ყოვლისა, შესაძლებლობა უნდა მიეცეს მშვიდობიანად იცხოვროს საკუთარ მიწაზე ან დაბრუნდეს იქ, თუ რაიმე მიზეზით მოუწია მისი დატოვება. ვისურვებდი, რომ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე პირებმა განსაკუთრებით გაითავისონ ამ ადამიანების მდგომარეობა, ეძიონ მათი პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტული გზები, თუნდაც გადაუჭრელი პოლიტიკური საკითხების პირობებშიც კი. აქ საჭიროა შორსმჭვრეტელობა და სიმტკიცე, რათა განვსაზღვროთ თუ რაში მდგომარეობს ჭეშმარიტი სიკეთე ხალხთათვის, და გაბედულად და გონიერებით მივყვეთ მას. ამავე დროს მუდამ თვალწინ უნდა გვედგას ტანჯული ადამიანი, რათა თავდაჯერებით ვიაროთ მშვიდობის მშენებლობის ძნელადსავალ, მაგრამ მიმზიდველ და გამათავისუფლებელ გზაზე.

კათოლიკურ ეკლესიას, რომელიც საუკუნეების მანძილზე არსებობს ამ მიწაზე და განსაკუთრებული ძალისხმევით მოღვაწეობს ადამიანის განმავითარებელ თუ საქველმოქმედო სფეროებში და მოზიარეა ქართველი ხალხის სიხარულისა თუ საფიქრალისა, სურს თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის კეთილდღეობასა და მშვიდობაში, აქტიურად ითანამშრომლოს სამოქალაქო ხელისუფლებასა და საზოგადოებასთან. ვიმედოვნებ, რომ იგი კვლავაც შეიტანს თავის ბუნებრივ წვლილს ქართული საზოგადოების ზრდაში, ჩვენი საერთო ქრისტიანული ტრადიციების დამოწმების, უპოვართა სასიკეთოდ გაწეული ძალისხმევის გზით და უძველეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქვეყნის სხვა რელიგიურ საკრებულოებთან განახლებული დიალოგისა და განმტკიცებული ურთიერთობების მეშვეობით. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მომადლოს მას მშვიდობა და კეთილდღეობა!" - განაცხადა რომის პაპმა.

ხვალ პაპი ფრანცისკე თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმიდა წირვას აღასრულებს.

თბილისში მყოფი რომის პაპი ასევე გამართავს შეხვედრებს ასირიულ-ქალდეურ საზოგადოებასთან თბილისის სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლებთან თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ ეკლესიაში და კამილიელი მამების სახელობის ცენტრში.

ვიზიტის დასასრულს, რომის პაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს და მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს.

რომის პაპი ფრანცისკე თბილისიდან 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება.

კომენტარები