საქართველო-თურქეთის ურთიერთობა

სამნიძე: ვიდრე კითხვებს პასუხი არ გაეცემა, თურქულმა სკოლამ შეაჩეროს ფუნქციონირება

ნეტგაზეთი

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, "მოვითხოვთ, სასწრაფოდ მოხდეს რეაგირება, პრემიერმინისტრმა და განათლების მინისტრმა მიიღონ შესაბამისი ზომები და ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა შეკითხვას, ბათუმში გახსნილმა თურქულმა სკოლამ დროებით შეაჩეროს ფუნქციონირება". მისი თქმით, სკოლა მშენებლობის ნებართვის გარეშე და საქართველოს კანონმდებლობის იგნორირებით გაიხსნა, რაც საქართველოს მთავრობის უპასუხისმგებლობას აჩვენებს.

"საქართველოს განათლების სამინისტროსა და თურქეთის საელჩოს შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევის გარეშე, გუშინ მოულოდნელად ბათუმში გაიხსნა თურქული სკოლა საქართველოს კანონმდებლობის სრული იგნორირებით, საქართველოსა და აჭარის შესაბამისი სამინისტროების ინფორმირების გარეშე, თურქეთის მხრიდან ოფიციალური წარმომადგენლების მონაწილეობით. ბათუმის მერიას არ გაუცია მშენებლობის ნებართვა, რის გამოც სკოლა არაერთხელ დაჯარიმდა. სკოლას არ გაუვლია აკრედიტაცია და ავტორიზაცია. ასევე ცალკე აღსანიშნავია და შესასწავლია სკოლაში დასაქმებული თურქეთის მოქალაქეების შრომითი უფლებები, რაც არა მხოლოდ კონკრეტულად ამ სკოლის საკითხია, არამედ მთელ საქართველოში შესასწავლი საკითხია. აღნიშნული ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა უპასუხისმგებლოდ, უყურადღებოდ მოეკიდა საკითხს. ამას ადასტურებს განათლების მინისტრის განცხადება, რომ ის მოლაპარაკებების ეტაპზე არ იყო საქმის კურსში სკოლის შენობის უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით. თურქეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც საქართველოს აქვს პრაქტიკულად ყველა სფეროში თანამშრომლობა, მათ შორის, განათლების სფეროშიც, ამიტომ რესპუბლიკური პარტია მოელის, რომ საქართველოს და თურქეთის შესაბამისი უწყებები დროულად მოაგვარებენ საკითხს კანონმდებლობის შესაბამისად", - თქვა ხათუნა სამნიძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

ამასთან, ბათუმის მერიამ შესაძლოა ქალაქში ორი დღის წინ გახსნილი სკოლის დემონტაჟი მოითხოვოს. ბათუმის მერიის განცხადებით, მათ სკოლის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვა არ გაუციათ. მერიის განმარტებითვე, ზედამხედველობის სამსახურმა სამშენებლო ნებართვის უქონლობის გამო სკოლა რამდენჯერმე დააჯარიმა.

კომენტარები