საქართველო-თურქეთის ურთიერთობა

თამარ ბერუჩაშვილი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობაზე და მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის უმაღლესი სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნას, რომლის პირველი სხდომაც მომავალი წლის პირველ ნახევარში გაიმართება და მას თურქეთისა და საქართველოს პრემიერმინისტრები უხელმძღვანელებენ. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონული მასშტაბის ენერგეტიკულ პროექტებზე. აღინიშნა როგორც მათი წარმატებით გაგრძელების, ასევე ამ მიმართულებით დამატებითი პოტენციალის მოძიების მნიშვნელობა. როგორც მხარეებმა განაცხადეს ერთობლივი ეკონომიკური-ენერგეტიკული პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის, არამედ რეგიონის განვითარებისთვის. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მხრიდან აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ისევე როგორც თურქეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით", - იუწყება საქართველოს საგარეო უწყება.

თამარ ბერუჩაშვილი თურქეთს ოფიციალური ვიზიტით 9 დეკემბერს ეწვია. 

კომენტარები