თბილისის საქალაქო სასამართლო

მამუკა ახვლედიანის სარჩელზე გადაწყვეტილება 28 სექტემბერს გამოცხადდება

მამუკა ახვლედიანი
ipress.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის სარჩელზე გადაწყვეტილება 28 სექტემბერს გამოცხადდება. როგორც ცნობილია, პირველმა ინსტანციამ ახვლედიანის პოსტიდან გათავისუფლების კანონიერებაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთხელ განხილვაზე უარი თქვა, თუმცა, შემდეგ სააპელაციო სასამართლომ სარჩელი საქალაქო სასამართლოში დააბრუნა.

თავად მამუკა ახვლედიანი პროცესს არ ესწრებოდა, მან განცხადება სასამართლოს გარეთ გააკეთა. მისი თქმით, სასამართლო სისტემაში ვითარება გაუარესებულია და თანამდებობაზე, აღდგენის შემთხვევაშიც, არ დაბრუნდება.

ახვლედიანის თქმით, ის სასამართლოში არსებულ კორუფციაზე მალე ისაუბრებს.

"კორუფცია არის სასამართლოში და ძალიან ბევრი კონკრეტული ფაქტია ჩემთვის ცნობილი. არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად ამ საკითხზე მუშაობს. მათ იციან, რომ ახლო მომავალში არანაირი პერსპექტივა არ ექნებათ. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ადამიანები ჩამოშორდნენ არა მხოლოდ სასამართლო სისტემას, არამედ საერთოდ სახელმწიფოს", - თქვა ახვლედიანმა. მისივე თქმით, არიან მოსამართლეები, ვინც გადაწყვეტილებებს ფულის სანაცვლოდ იღებენ.

მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მიმდინარე წლის 22 თებერვალს გადააყენეს. 3 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო. მას ეთიკის ნორმების დარღვევასა და სასამართლოს ავტორიტეტის შებღალვაში ადანაშაულებდნენ. 

კომენტარები