არჩევნები 2016

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბათუმის მერის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბათუმის მერის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის გიორგი კირთაძის განცხადებით, გიორგი ერმაკოვი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტის ორ-ნახევარი მილიონი ლარით გაზრდის თხოვნით ბათუმის საკრებულოს მომდევნო სხდომაზე მიმართავს. კირთაძის შეფასებით, ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა და წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტში ცვლილების შეტანა საარჩევნო კოდექსის მიხედვით აკრძალულია.

"ჩვენი თანაქალაქელები ეხვეწებოდნენ ერმაკოვს პრობლემების გადაწყვეტას. მას მხოლოდ 17 დღით ადრე გაახსენდა, რომ ბათუმში ინფრასტრუქტურული პრობლემებია გადასაწყვეტი და ამ უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება სთხოვა ბათუმის საკრებულოს. ჩვენ ვიწყებთ პროცედურას მის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ უუნარო, არაფრის მკეთებელი და საეჭვო კორუფციულ გარიგებებში შემჩნეული ერმაკოვი გავუშვათ სახლში", - ამბობს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე.

რუსთავი 2-ის ცნობით, ბათუმის მერიაში კი აცხადებენ, რომ გამონაკლის შემთხვევაში კანონი ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

კომენტარები